პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში თანამშრომლობის დაგეგმვის მიზინით ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ანა კვარაცხელია ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივა „გადაიღე საქართველოში“ გააცნეს.
როგორც “ფორტუნას” სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოსაზიდად და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ავიაკომპანიების როლი ერთი-ერთი გადამწყვეტია, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია გამართული ინფრასტრუქტურა, კონკურენტული ფასები და შესაბამისი მომსახურება.
სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ავიაკომპანიებს მიმართეს ინიციატივით, მხარი დაუჭირონ ახალ, კინოინდუსტრიის წამახალისებელ პროგრამას და საქართველოთი დაინტერესებულ საერთაშორისო პროდიუსერებს შესთავაზონ კინოგადაღებებში ჩართული პერსონალისთვის ხელსაყრელი პირობები.
შეხვედრას სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Lufthansa; Fly Dubai; Turkish Airlines; Air Astana; Ukraine International Airlines; China Southern Airlines; Air Arabia; Qatar Airways; Aeroflot, Air Baltic.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კინოინდუსტრიის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელების შედეგად ხდება უამრავი საერთაშორისო ფილმის გადაღება და ქვეყნის პოპულარიზაცია, როგორც გადასაღები ლოკაციის, ისე ტურიზმის კუთხით. შესაბამისად, მთავრობის ახალი პროგრამის განხორციელებისას მოსალოდნელია ტურისტების ნაკადის მატება და საქართველოს ცნობადობის გაზრდა.