LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაჭარბებული სამუშაო გრაფიკის გამო, წელიწადში ათი ათასობით ადამიანი იღუპება: ჯანმო-ს კვლევის შედეგები

201
Untitled design (5)

ადამიანებში, რომლებიც კვირაში 55 საათზე მეტს მუშაობენ, ინსულტის რისკი 35 %-ით იზრდება – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) დღეს ერთობლივი კვლევის შედეგები წარადგინეს. 

კვლევაში ასევე საუბარია გულის იშემიურ დაავადებებზეც, რომლით გარდაცვალების რისკიც, გადამეტებული სამუშაო გრაფიკის გამო, 17%-ით იზრდება.

კვლევის ანალიზის დროს, მკვლევრები მნიშვნელოვან გამოწვევად კოვიდპანდემიას და პანდემიის ფონზე დროის გადანაწილების ფაქტორს ასახელებენ – მეცნიერები ამბობენ, რომ პანდემია მოვლენებს აჩქარებს, რამაც შეიძლება სამუშაო დროის გაზრდის ტენდენცია გამოკვეთოს.

ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2016 წელს, გადაჭარბებულმა სამუშაო საათებმა ინსულტი და გულის იშემიური დაავადება გამოიწვია 745 000 ადამიანში, ეს მაჩვენებელი კი 2000 წელთან შედარებით, 29 %-ით არის გაზრდილი.

შრომისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების შეფასებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაკარგვის პირველი გლობალური ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2016 წლის მონაცემებით, 398 000 ადამიანი გარდაიცვალა ინსულტით, ხოლო 347 000 ადამიანი გულის დაავადებით. ყველა შემთხვევაში, თითოეული ადამიანის სამუშაო დრო კვირაში 55 საათს აღემატებოდა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი სამუშაო გრაფიკი, სავალალო შედეგებით უმეტესად მამაკაცებში სრულდება, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი მამაკაცებში 72%-ს აღწევს.

როგორც აღმოჩნდა, კვლევის შედეგებზე გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც აისახა – რისკის მატარებლები, უმეტესად, წყნარი ოკეანისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები აღმოჩნდნენ. გარდაცვლილთა უმეტესობა კი საშუალო და უფროსი ასაკის მუშაკია.

“კვლევის შედეგად დგინდება, რომ კვირაში 55, ან უფრო მეტი საათით მუშაობა, ასოცირდება სიკვდილიანობის ზრდასთან, რომელიც ინსულტის შემთხვევაში 35%-ით იმატებს, გულის იშემიური დაავადების დროს კი 17%-ით. გარდა ამისა, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა სამუშაო საათებიც აჭარბებს დადგენილ ნორმას – ეს მომუშავე პერსონალი ახლა უკვე მსოფლიო მოსახლეობის 9 %-ს შეადგენს. ეს ტენდენცია კიდევ უფრო მეტ ადამიანს აყენებს შრომითი ინვალიდობისა და ადრეული სიკვდილის რისკის ქვეშ.” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

რაც შეეხება სამუშაო საათების ზრდას კოვიდპანდემიის ფონზე, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ტედროს ადემოს გებრეისუსი ამბობს, რომ პანდემიამ მრავალი ადამიანის მუშაობის მეთოდი მნიშვნელოვნად შეცვალა. ონლაინრეჟიმში მუშაობის დროს, იშლება ზღვარი სამსახურსა და სახლს შორის, ხშირ შემთხვევაში კი დასაქმებულებს უფრო მეტი მუშაობა უწევთ.

მისი თქმით, მთავრობებმა, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, იმისათვის, რომ მშრომელთა ჯანმრთელობის დაცვაზე შეთანხმდნენ.

WHO-ს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებებისა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ნეირამ კი განაცხადა, რომ კვირაში 55 საათით ან უფრო მეტი დროით მუშაობა ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს და დროა ყველა მსოფლიოს მმართველებმა გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ ხანგრძლივმა სამუშაო საათებმა შეიძლება ნაადრევი სიკვდილი გამოიწვიოს.