რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტი მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 7:00-საათიდან დაიწყო.
მათივე ცნობით, ამჟამად, მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალას კვანძებთან არის შენელებული.
„რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს აგრძელებენ. ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით. მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.