LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაცალმხრივდება თუ არა წერეთლის გამზირი?

606

თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე შალიკაშვილის ხიდიდან (ყოფ. დიდუბის ხიდი) „სამთო ქიმიის“ შენობის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა გაცალმხრივდება – ამის შესახებ, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული.

თუმცა, მერიაში ამ ქუჩის გაცალმხრივების გეგმას არ ადასტურებენ.

როგორც მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, სატენდერო დოკუმენტაციაში ხარვეზია გაპარული.

“ვერ დაგიდასტურებთ. წერეთლის გამზირის გაცალმხრივება ნამდვილად არ იგეგემება. გვაქვს ძალიან ბევრი მოსაზრებები, მათ შორის, ამ გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტული ხაზების მოწყობასთან დაკავშირებით, თუმცა მისი გაცალმხრივება ნამდვილად არ იგეგმება. შესაძლოა, ხარვეზი იყოს სატენდერო დოკუმენტაციაში”, – განაცხადა მაია ბითაძემ “ფორტუნასთან”.

მერიამ, ტენდერი თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე ქვეითთა მიწისწვეშა გადასასვლელის მოწყობის სამუშოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 26 მარტს იწყება და 29 მარტს დასრულდება.

 

ქუჩის გაცალმხრივების შედეგები

  • ქუჩის გაცალმხრივებით, იზრდება მისი გამტარუნარიანობა.
  • ცალმხრივ ქუჩაზე მძღოლები უფრო სწრაფად გადაადგილდებიან.
  • ზოგადად, ცალმხრივ ქუჩაზე, ქვეითების რაოდენობა მცირდება.
  • უამრავი კვლევა (და ქვეყნების გამოცდილება) ადასტურებს იმას, რომ გზების გაფართოება, გამტარუნარიანობის გაზრდა, საცობების პრობლემას არ ჭრის – რაც უფრო ფართოვდება გზა, მით მეტი მანქანა ჩნდება.