ოპოზიციის ნაწილი რუსეთისგან გარკვეულ ეკონომიკურ სანქციებს ელოდება, თუმცა ამ ყველაფერში ხელისუფლებას ადანაშაულებს. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობიხიძე “ფორტუნას” “დღის თემაში” განაცხადა, რომ საქართველო რომ ისევ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული გახდა, ეს ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალია.
“შეიძლება თუ არა პუტინმა პირადი ბოღმით ეკონომიკური სანქციები გაატაროს საქართველოს წინააღმდეგ? კი, შეიძლება, მაგრამ ჩვენ 7 წელი ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ავადმყოფურად ვიყოთ დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, არ შეიძლება დამოკიდებული ვიყოთ მხოლოდ რუს ტურისტებზე. მე წულუკიანის გამოსვლას გაგახსენებთ, როცა სიამაყით გვაცნობა, რომ ირანელ და არაბ ტურისტებს მან დისკომფორტი შეუქმნა. ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ პუტინის გეგმის ნაწილია, როცა ქართული მარში და ვითომ პატარა პატრიოტული ორგანიზაციები დასდევდნენ აღმოსავლეთის ქვეყნების ტურისტებს. ასეთი დამოკიდებულები რომ გავხდით რუსულ ბაზარზე, იმიტომ არის, რომ პუტინის გადაწყვეტილებები მტკივნეულია. მანაც იცის ეს და იყენებს ამ იარაღს. თუ არ ვიქნებოდით დამოკიდებული მხოლოდ რუსულ ბაზარზე, სანქციები აზრს დაკარგავდა და პუტინი ამას არ გამოიყენებდა”, – აცხადებს ბობოხიძე.
“ევროპული საქართველოს” წევრი ჟურნალისტის განცხადების შინაარსობრივ მხარეზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის ამაზრზენი იყო.
აკაკი ბობოხიძე: “გაბუნიას განცხადების მეორე ნაწილი საერთოდ ამაზრზენი იყო, შინაარსობრივად, როცა პუტინს გაცდა და დედაზე და სფლავებზე გადავიდა, არანაირი გამართლება არ მოეძებნება, მაგრამ მთავარი უბედურება ისაა, რომ ხელისუფლებას ამით მყარი ნიადაგი მისცა. 20 ივნისის შემდეგ მორალურად დამარცხებული და კუთხეში მომწყვდეული იყო და დღეს ჰგონია ხელისუფლებას, რომ არიქა, მოვიდა შეტევაზე გადასვლის დრო.
გაბუნიას სიტყვებს შეიძლება ბევრი რამ მოჰყვეს, მაგრამ არა ომი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ამ ცრუ მოლოდინებს ეწინააღმდეგებოდეს, პირიქით, აძლიერებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გაბუნია აგებს პასუხს იმაზე რაც თქვა, არა სისხლის სამართლებრივად, მაგრამ გახარია უნდა გადადგეს, ის პასუხისმგებელია იმაზე, რაც 20 ივნისის ღამეს გააკეთა“.