“ომიკრონის” ტალღას ქვეყანაში გარკვეულწილად იმუნური ფენა დახვდა. ეს იყო მილიონზე მეტი ვაქცინირებული და ასევე, ინფექციაგადატანილი პირების იგივე რაოდენობა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში, “თავისუფალი სტუდიაში” განაცხადა.
თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ “ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება და იკვეთება მოლოდინი, რომ მომდევნო კვირა უფრო მეტად აღმავალი პერიოდი იქნება:
“ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება და იკვეთება მოლოდინი, რომ მომდევნო კვირა იქნება უფრო მეტად აღმავალი პერიოდი. პროგნოზი არის დაახლოებით 2 კვირა, მესამე კვირიდან უკვე შესაძლებელია, რომ აღარ იყოს მატება და დაღმასვლა დაიწყოს. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამბობს, რომ სწრაფი აღმასვლის შემდეგ, დაღმასვლაც საკმაოდ სწრაფი იყო.
რაც შეეხება საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას, გარკვეულწილად იმუნური ფენა “ომიკრონის” ტალღას ქვეყანაში დახვდა. ეს იყო მილიონზე მეტი ვაქცინირებული და ასევე, იგივე რაოდენობა უკვე ინფექციაგადატანილი პირების, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ის მეტად აქტიურად იწვევს განმეორებით ინფიცირებას.
“ომიკრონის” სწრაფი გავრცელების შემდეგ ეს იმუნური ფენა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ დღეს არავინ იცის პასუხი, თუ რამდენ ხანს გასტანს “ომიკრონით” გამოწვეული იმუნური ფენა”, – თქვა გაბუნიამ.