LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაბრაზებული ბატონი“, „ზელიონკა“, უარი დაბანაზე თუ სხვა რამ – როგორ დავიცვათ თავი ჩუტყვავილასგან

უნდა გავაბრაზოთ თუ არა „ბატონი“, გამონაყარი უნდა დავუმუშაოთ თუ არა “ბრილიანტის მწვანით” ,  ე.წ. „ზელიონკით“,  შეიძლება თუ არა მისი დაბანა, მასთან ერთად ალკოჰოლის მიღება, უნდა ჩამოვუკიდოთ თუ არა ოთახში წითელი ფერის ნივთები, თეთრეული, ფარდები  – ეს არასრული ჩამონათვალია საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული იმ შეხედულებებიდან, რომლებსაც ინფექციური დაავადების,  ე.წ.  „ბატონების“  მკურნალობისას იყენებენ.

ჩუტყვავილას ინფექციური დაავადებით დაინფიცირების შემთხვევებმა ბოლო პერიოდში იმატა. ამაზე ექიმები საუბრობენ, თუმცა „დაავადებათა კონტროლის ცენტრში“ საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. ჩვენ როგორ უნდა დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან და როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს?

ექიმების თქმით, ჩუტყვავილას ინფექცია ადვილად გადამდები ინფექციების რიცხვს მიეკუთვნება. ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. თუ ის ერთხელ მაინც გვაქვს გადატანილი, ტოვებს მყარ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს ხელმეორედ დაავადებისგან იცავს. გამორიცხულია, იყო მხოლოდ გადამტანი მესამე პირი, თუ თავად არ ხარ ვირუსის მატარებელი.

ინფექცია გადამდებია პირველი გამონაყარის  გაჩენამდე 1-2  დღე-ღამის განმავლობაში და 3-7 დღე მისი გაქრობის შემდეგ. როდესაც უკანასკნელი გამონაყარი ფუფხად იქცევა, ავადმყოფი საშიში აღარ არის – ფუფხი ვირუსს არ შეიცავს. ეს კი დაახლოებით 2-3-კვირიანი პერიოდია.

გამონაყარი პირველად ტანზე ჩნდება, შემდეგ – სახეზე, თავის თმიან ნაწილში, კიდურების ნაწილებზე. თავდაპირველად წითელ ლაქებს ან კანის ზედაპირიდან წამოწეულ წარმონაქმნებს წააგავს, რამდენიმე საათში კი გაწითლებულ კანზე დაყრილ ოვალურ ან მრგვალ გამჭვირვალე ბუშტუკებად იქცევა. მათი შიგთავსი მალევე იმღვრევა. ბუშტუკები ადვილად სკდება, სითხე იღვრება, ხოლო კანი მათ ადგილას მუქი ფუფხით იფარება. ფუფხის მოცილების შემდეგ ნაწიბური არ წარმოიქმნება. სამაგიეროდ, რჩება კანის მუქი ლაქა, რომელიც თანდათან ფერმკრთალდება, ხოლო 2-3 თვეში სულმთლად ქრება.

ჩუტყვავილა და დაბანა

„ჩუტყვავილა არის ვირუსული ინფექცია. როგორც წესი, ჯანმრთელ ადამიანებში ის უპრობლემოდ და გართულების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, თუ ორგანიზმი დაუძლურებულია ქრონიკული დაავადებებით ან სხვა პრობლემებით, შესაძლებელია, ჩუტყვავილას ვირუსმა სხვა გართულებები, განსაკუთრებით, ნერვული სისტემის მხრივ, გამოიწვიოს. თუ საუბარია ბავშვებზე, ხშირად ეს, როგორც წესი, გართულებების გარეშე ჩაივლის ხოლმე. არსებობს ვაქცინაცია ჩუტყვავილას წინააღმდეგ, რომელიც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, ფართოდაა გავრცელებული, რის შემდეგაც შესაძლოა, ან არ შეგხვდეთ, ან თუ შეგხვდებათ, მსუბუქ ფორმებში წარიმართოს,“  – განუცხადა „ფორტუნას“ პედიატრმა ეკა უბერმა

მისი თქმით,  გავრცელებული შეხედულება, თითქოს, ჩუტყვავილათი დაავადებულის ბანაობა არ შეიძლება, არასწორია. პირიქით, ჰიგიენის ნორმები ამ დროს განსაკუთრებით უნდა დავიცვათ. ბანაობაც შესაძლებელია, ღრუბლის გარეშე, იმ საპნით, რომელსაც იქამდეც იყენებდნენ.

ჩუტყვავილა თვითგანკურნებადი დაავადებაა, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ კანის სისუფთავე, რადგან კანის დაზიანებული ზედაპირებიდან არ შევიდეს ინფექცია.  ექიმების რეკომენდაციით, ბავშვებს უნდა დავაჭრათ ფრჩხილები, რადგან ქავილისას დამატებითი ინფექციის გავრცელება ავიცილოთ თავიდან.

 

ჩუტყვავილა და „ბატონის გაბრაზება“

პედიატრის თქმით, საზოგადოებაში ასევე ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ „ბატონის“ გაბრაზება არ შეიძლება, სამედიცინო ჩვენებას არ წარმოადგენს. ეს არის ქართული ტრადიციული შეხედულება, უფრო ცრურწმენა, ვიდრე რეალობა.

 

ჩუტყვავილა და  ე.წ. „ზელიონკა“

სადაც იყო და დაფიქსირდა ჩუტყვავილა, ძალიან მაღალია სხვა ადამიანების დასნებოვნების რისკი. თუ ბავშვი მოხვდა ისეთ გარემოში, სადაც ჩუტყვავილით დაინფიცირებული იყო და მას არ აქვს გამოყრილი, პრევენციისთვის სასურველია 72 საათის განმავლობაში ჩატარდეს ვაქცინაცია. ეს არაა აცრების კალენდარში, თუმცა საქართველოში ვაქცინა არის.

პოსტსაბჭოურ სივრცეში გავრცელებული იყო ე.წ „ზელიონკითგამონაყრის დაფარვა. ეკა უბერის თქმით, ბრილიანტის მწვანე დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, მის ნაცვლად ის რეკომენდაციას სხვა ანტიჰისტამინურ გელებს უწევს.

 

რეკომენდაციები პრევენციისთვის

იმუნოლოგი რუსუდან კანაშვილის რეკომენდაციით, ვირუსი როგორ ადვილადაც ვრცელდება, ასევე, ძალიან ადვილად კვდება განიავებით და გარემოს სველი წესით დამუშავებით.

გარდა ამისა, მისი პრევენციისთვის მიღებული ფორმა მსოფლიოში არის ვაქცინაცია.

რუსუდან კანაშვილის თქმით, თავი  ჩუტყვავილასგან, ისევე როგორც სხვა ტიპის ვირუსებისგან, უნდა დავიცვათ ნიღბით.

 

 

                                                                                                                                                                                                                   ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები