”ნაციონალური მოძრაობა” კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ვინაობას ასახელებს. გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტსმენების ფოტოსურათები და დღევანდელი ჩხუბის კადრები წარმოადგინა. მისი განცხადებით, ”ზონდერჯგუფს” უშუალოდ ხელმძღვანელობს გიორგი არეშიძე, რომელთანაც სპორტსმენები მოსამზადებლად შსს-ს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსს გეგა გეგეშიძეს მიჰყავს. შემკვეთი და დამფინანსებელი კი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა.
”ამ ზონდერჯგუფების უშუალო შემქმნელი და დამფინანსებელი არის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს გიორგი არეშიძე. სწორედ ის ქირაობს სპორტულ დარბაზს, სადაც ასეთი ცემა-ტყეპისთვის იწვრთნებიან ეს ზონდერები. გიორგი არეშიძის ”ენჯეოს” საფარქვეშ კეთდება ეს ზონდერ ჯგუფი. რეკრუტირებას ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც იყო ჭიკაიძის დაცვის უფროსი. მისი ბიძაშვილი – ჭიდაობის ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე იყო დღეს მთავარი ინიციატორი ცემა-ტყეპისა. კახი კალაძესთან ერთად არის კობა ტყეშელაშვილი, რომელიც დღეს ასევე ძალიან აქტიური და აგრესიული იყო და ხელმძღვანელობდა ამ დარბევას. ეს იგივე კობა ტყეშელაშვილია, რომელიც გარდაბნის არჩევნებზე იყო ”ქართული ოცნების” ზონდერების უფროსი. აქ თქვენ ხედავთ ჯიჯა გიგაურს, რომელიც არის ასევე სპორტსმენი და ზონდერჯგუფის წევრი. ჩვენ ვახდენთ სახეებით თითოეულის იდენტიფიცირებას. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ესენია: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე – ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა – მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია – კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია”, – განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ესაა მთავარობიდან დაფინანსებული ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულია კრიმინალების ჯგუფი. დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას ”ნაციონალური მოძრაობა” უახლოეს დღეებში გეგმავს.