საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღის მთავარ მოვლენას უკრაინიდან ეხმიანება. ის ამბობს, რომ რუსი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა დღეს მთავარი პრობლემა არ არის.
რუს დეპუტატს სასტუმროდან გამოსვლა პოლიციის კორდონისა და პროტესტის ფონზე მოუწია.
სერგეი გავრილოვი რედისონიდან პოლიციამ გაიყვანა - სად მიჰყავთ რუსი დეპუტატი? [ფოტო/ვიდეო]
“რა თქმა უნდა, მტკივა და განვიცდი, მაგრამ… გავრილოვი 2013 წელსაც იყო, ლუჟკოვიც იყო, ბევრი სხვაც დაეთრევა საქართველოში. საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი იყიდეს რუსებმა, მაგრამ ეს ხომ მთავარი არ არის?! ისედაც გაბახებული პარლამენტის, ვიღაც ფსევდო-თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, ეს არის ახლა მთავარი პრობლემა?
მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსების დახმარებით, ივანიშვილი ჩალიჩობს ჰააგაში ქართველი სამხედროების გასამართლებას, არის ის, რომ საქართველო ივანიშვილმა მსოფლიო რუკიდან გააქრო, ის, რომ მან გადასცა მთელი ჩვენი აგენტების სია რუსებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში თავისუფლად მოქმედებენ.
სააკაშვილი მიესალმება ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გაერთიანებას.
„ივანიშვილის ყოველი დამატებითი დღე საქართველოში არის კატასტროფიული საფრთხის შემცველი“ – აღნიშნავს სააკაშვილი და ამბობს, რომ ოლიგარქების დრო ყველგან დასრულდა, საქართველოს გარდა.
რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში ჩამოვიდნენ. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ სხდომის წაყვანა დაგეგმილი არ იყო.
საბოლოოდ რუსი დეპუტატი სასტუმრო რედისონს შეაფარეს, შემდეგ კი პოლიციის კორდონის თანხლებით სასტუმროდან სავარაუდოდ, აეროპორტის მიმართულებით წაიყვანეს.