დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აფეთქების“ სქემა და მასში მონაწილეები ამოიცნო.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.
რუსული უშიშროება: ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა
გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ შესაბამისი განცხადება გაკეთდება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეულ ჯგუფებს აქვს მცდელობა, საქართველო ომში ჩაითრიონ:
„დასწრებაზე ხომ არ არის? აქ მთავარია სახელმწიფოს პოზიცია, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება. მცდელობა აქვს გარკვეულ ჯგუფებს, მავნებლებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რომ ამ ომში საქართველო იყოს ჩართული“, – ამბობს ზარქუა.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს შესაბამისი გააზრება სჭირდება:
„მე ვფიქრობ, ამ პროვოკაციამ საქართველოში არაჯანმრთელი აჟიოტაჟი და აფორიაქება არ უნდა გამოიწვიოს და ჩვენ მშვიდად უნდა მივუდგეთ ამგვარ განცხადებებს. შესაბამისი განცხადებები იქნება, თქვენ ნუ ინერვიულებთ, იყავით მშვიდად…
ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი გააზრება, ბულგარეთი ბულგარეთია, რომელსაც ნატო და ევროკავშირი იცავს და ამ ქოლგის ქვეშ ცხოვრობს და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აქედან 20 კილომეტრში ოკუპირებულ მიწებს ესაზღვრება, ამიტომ ყველაფერი ასაწონ-დასაწონია“, – აღნიშნავს ცაგარეიშვილი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ ისმის ბრალდებები, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. მისივე თქმით, საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია.
„არ გაუვლია.. ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებისგან ისმის გარკვეული ბრალდებები, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება.
ყოველთვის, ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას დააბრალოს რაღაც, თუ ამის უკან არგუმენტი არ იქნება, ეს დაბრალება იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომელსაც არ ექნება უკან მდგომი.
არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს, თუ ვაგონს.
არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, იმ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან“, – აცხადებს კაკაურიძე.
შეგახსენებთ, რუსული უშიშროების განცხადებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა.
აღნიშნულ ინფორმაციას ეხმიანება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური „ფეიკ“ სტრუქტურაა, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურება.
რუსეთის უშიშროების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება ბულგარეთის ხელისუფლებაც – მათი განცხადებით, სატვირთო მანქანა, რომელიც რუსეთის გამოძიების ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში ფიგურირებს, ბულგარეთში არასდროს ყოფილა.