„ჩვენთან სიმშვიდეა. პრობლემები ხელოვნურად იქმნება, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ დაწყნარდეს მთელი საქართველო – აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხურვალეთის მცხოვრებლები.
“აღარ არის საჭირო, აღარც ზედმეტი ჟურნალისტები და აღარც კეთილის მყოფელები. არაფერი არ ხდება, ძალიან მშვიდად ვართ, როგორც ვართ 10 წელი ისევ ისე ვართ. ბაღებში აგვყავს ძროხები და მე იქ რუსები არ დამინახავს”
სოფელ ხურვალეთში გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. დილით სოფლის შესასვლელთან შეკრებილ აქტივისტებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა, კორიდორი გააკეთა და შეკრებილებს მოუწოდა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალათ.
ჟურნალისტების გარდა სოფელში უკვე შეუშვეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას 4 წევრი.
ჯგუფის შემადგენლობაში არ შედის დავით ქაცარავა.მისი განცხადებით, ძალოვნებმა მოითხოვს მისი დისტანციაზე დარჩენა, რაც ძალა ერთობაშიას ლიდერმა გაითვალისწინა.
ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ 15 მარტს გაავრცელა. ის ამბობდა, რომ რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში არიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში “ბორდერიზაციის” ახალი ნიშნები არ არის.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ და შემდეგ ტერიტორია დატოვეს.