“თამარ ჟვანია რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ არსად წასვლას აპირებს. გააგდეს, უთხრეს წადიო და გაუშვეს, ალბათ რამეს დაპირდებოდნენ, სადმე მოწყობას. მის კარიერულ ბედს შემდეგ დავინახავთ.” – ასე აფასებს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წევრი რომან გოცირიძე “ფორტუნასთან” ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვებას.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ თუ ჟვანია თანამდებობაზე დარჩებოდა, არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ამ პროცესს ნდობა არ ექნებოდა.
გოცირიძე ჟვანიას გადაწყვეტილებას ორგვარად ხსნის და ამბობს, რომ ეს ერთ შემთხვევაში ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების გამარჯვებაა, რადგან მათი მოთხოვნა შესრულებულია. მეორე მხრივ, კი ამბობს, რომ თავმჯდომარის პოსტის დათმობა “ქართული ოცნების” ხრიკია – “ჟვანია ისეთი ახალი ჟვანიათი ჩაანაცვლოს, რომელსაც მისი წინამორბედის სიმძიმის ცოდვები არ აქვს:
“ამ არჩევნების ჩატარება მისი მონაწილეობით შეუძლებელი იყო, რადგან ამ არჩევნებს ნულოვანი ნდობა ექნებოდა.
ეს გადადგომა შეიძლება ორნაირად გავიგოთ: ერთია ის, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის და მთელი საზოგადოების გამარჯვება. ეს არის შედეგი, ისევე როგორც ბევრი შედეგი დადგა მანამდე, შარლ მიშელის შეთანხმების სახით, საკანონმდებლო ცვლილებების სახით, იმ პროცესების სახით, რაც ახლა მიდის, ეს სწორედ გამარჯვებაა.
მეორე მხრივ, ეს არის “ქართული ოცნების” ხრიკი, რომ ჟვანია სხვა ჟვანიათი ჩაანაცვლოს, ანუ ისეთი ადამიანით, რომელსაც ჟვანიას სიმძიმის ცოდვები არ აქვს აკიდებული; ან უცოდველი უნდა მოიყვანოს და ცოდვები ჩაადენინოს.
ბუნებრივია, ჩვენ, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები, კანდიდატურას და მისი შერჩევის პროცესს ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ. პროცესში დავინახავთ, რამდენად არის ხელისუფლება მზად, რომ კომპრომისზე წამოვიდეს და დასამტკიცებლად საზოგადოების მიერ შერჩეული კანდიდატურა წარმოადგინოს.” – აღნიშნა “ფორტუნასთან საუბარში რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვიტა, 2021 წლის 1 ივლისიდან თავმჯდომარის უფლებამოსილება აღარ გააგრძელოს, რაც პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას მისცემს, ახალი თავმჯდომარე განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ.
მისი განმარტებით, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა კი იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.