LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააძვირებს თუ არა საწვავს ტექნიკური დათვალიერება: უხარისხო საწვავის ხარჯი მძღოლს დააწვება

21

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავარაუდოდ, 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე წინა და უკანა „ბამპერი“, სამუხრუჭე და განათების სისტემა, საბურავები, გამონაბოლქვი და უსაფრთხოების ღვედები შემოწმდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო ჯერ მზად არ არის ავტომობილებზე ყველა ტექნიკური ფაქტორის შესამოწმებლად. აღნიშნული 6 კრეტირიუმის დაკმაყოფილება კი მგზავრთა და ქვეითთა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.
ჯერჯერობით უცნობია რა სიხშირით გაივლიან ავტომობილები ტექნიკურ დათვალიერებას და რა თანხის გადახდა მოუწევთ მძღოლებს.

„ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ქვეყანაში შემოვიღოთ ტექნიკური რეგლამენტი. რა თქმა უნდა, ევროპაში 100-ზე მეტ ტექნიკურ ფაქტორზე ხდება მანქანების შემოწმება, ჩვენ კი ჯერ არ ვართ მზად, რომ ყველა ფაქტორი შევამოწმოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მანქანების უმეტესობა უბრალოდ ვეღარ გამოვა ქუჩაში, ამიტომ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ უფრო გონივრული იქნება და არის საუბარი, რომ მოხდეს საბაზისო ფაქტორების კონტროლი“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

რას გამოასწორებს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მომხრეა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილიც. მისი თქმით, ცვლილება პირველ რიგში გარემო პირობებს გააუმჯობესებს.

„ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით, სტატისტიკა არ არსებობს, რამდენი ადამიანი გადარჩებოდა ავტომობილი რომ გამართული ყოფილიყო, იმიტომ რომ ვწერთ სიჩქარის გადაჭარბებას, მაგრამ არ ვწერთ სამუხრუჭე მანძილს. მე, რასაც ტექნიკური დათვალიერების შემოღების შემდეგ ველი, ეს არის სიტუაციის გამოსწორება ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებაში“- აღნიშნა „ფორტუნასთან“ მესხიშვილმა.

ავტომობილების შემოწმებამ შესაძლოა საწვავზე ფასი გაზარდოს

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება შესაძლოა მძღოლებისთვის დამატებით ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. ავტო ექსპერტი დემურ აფციაური „ფორტუნასთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც აღნიშნულმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს. მისი თქმით, თუ საწვავის ხარისხი არ გაუმჯობესდება, ავტომობილების დიდი ნაწილი ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის და ეს მძღოლების ბრალი არ იქნება.

„საწვავის სტანდარები აუცილებლად უნდა დაიხვეწოს. თუ არ განსაზღვრე საწვავში გოგირდისა და სხვა მინარევების შემცველობა, ავტომობილის მფლობელს ვერ მოსთხოვ გინდა თუ არა გამონაბოლქვის ნორმები დააკმაყოფილეო. თანაც რაც არ უნდა გამართული იყოს ავტომობილი, თუ ცუდ საწვავს ჩაასხამ, დროთა განმავლობაში ის ავტომობილი ნორმებს ვეღარ დააკმაყოფილებს“, – აცხადებს დემურ აფციაური.

ავტომობილების ტექნიკურმა დათვალიერებამ შესაძლოა საწვავზე ფასის ზრდა გამოიწვიოს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში დამოუკიდებელი ლაბორატორიების არსებობა, რომლებიც საწვავის ხარისხს გააკონტროლებენ, თუმცა მაღალი სტანდარტის მოთხოვნა, საწვავის ღირებულებას გააძვირებს.

„მე ვფიქრობ, რომ ერთი უწყება უნდა აძლევდეს ნებართვას საწვავის შემოტანაზე ამა თუ იმ ქვეყნიდან, მაგრამ სხვა აბსოლუტურად დამოუკიდებელი ლაბორატორიები უნდა ამოწმებდეს საწვავის ხარისხს. ეს პრობლემა არის და იქნება. უხარისხო საწვავის ხარჯი დააწვება მძღოლს. მეორე  პრობლემა ის არის, რამდენად გააძვირებს საწვავის ფასს მაღალი სტანდარტების მოთხოვნა. მე მგონია, რომ საწვავი გაძვირდება“ – აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

გარდა საწვავის ხარისხისა და ღირებულებისა, არსებობს კიდევ რამდენიმე პრობლემა – რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი შემოწმებიდან ერთი თვის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან? რა ბედი ელით ავტომობილებს, რომლებიც ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, აუნაზღაურდებათ თუ არა მძღოლებს ავტომობილის საფასური?
„ფორტუნა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ არჩილ თალაკვაძესთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა უმრავლესობის წევრმა ზარებს არ უპასუხა.

10 წელია მანქანა მყავს და ჯერ პროფილაქტიკაში მისვლა არ დამჭირვებია – რას ამბობენ მძღოლები


ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებას ოპტიმიზმით არ უყურებს მძღოლების ნაწილი. მათი თქმით, აუცილებელია ავტომობილების შემოწმება, თუმცა ტექნიკური დათვალიერება უფასო უნდა იყოს, რომ მთელი ეს ცვლილება „კორუფციის ბუდედ“ არ გადაიქცეს.

დათო, 30 წლის: „ზოგადად პოზიცია „10 წელია მანქანა მყავს და ჯერ არ დამჭირვებია პროფილაქტიკაში მისვლა“ არასწორია. ნორმალურმა ადამიანმა მანამდე უნდა მიხედოს ავტომობილს, სანამ შავ გამონაბოლქვს გამოუშვებს, რადგანაც ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოს დაბინძურებასთან და ადამიანის ჯანმრთელობასთან.
თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს თუ ტექდათვალირება ისევ კორუფციის და ფულის საჭრელი საშუალება იქნება მაშინ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს.“

ლაშა, 41 წლის: „ტექნიკური დათვალიერება ზოგადად ნამდვილად კარგი და მისასალმებელია,თუმცა ქართული რეალობ გამომდინარე კარგად უნდა დაფიქრდნენ რეალურად რა შედეგსგამოიღებს. იმის ალბათობა, რომ საქმე ლაპარაკად და უბრალოდ ქაღალდზე დარჩეს, დიდია.პირადად მე, დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებ ამ საკითხს. იმდენად ცუდი ავტომობილებია, ამპრობლემას ვიღაც ხელოსნის თვალის შევლება და ამაში ფულის გადახდა, ვერ უშველის. ისე, თუმართლა უსაფრთხო ტრანსპორტი სურს სახელმწიფოს, მაშინ ტექდათვალიერება უფასო უნდაიყოს და სახელმწიფომ მძღოლებს მიუთითოს რა აღმოფხვრას.


 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები