დამნაშავე მე ნამდვილად არ ვარ, არც არასდროს ვცნობ თავს დამნაშავედ, თქვენი გადმოსახედიდან ვარ დამნაშავე, მაგრამ ასე აპრიორი ნუ იშვერთ ხელს და ნუ ამბობთ, რომ მკვლელი ვარ, – ამ სიტყვებით მიმართა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის საქმეზე „გრინსერვის პლუსის“ დაკავებულმა დამფუძნებელმა ლაშა ფურცხვანიძემ საქმის პროკურორებს.
როგორც ფურცხვანიძემ აღნიშნა, ის ჩინელი ინჟინრის დაკითხვას ითხოვდა, რაზედაც პროკურატურისგან უარი მიიღო.
„ვიხვეწები და პროკურატურას ვემუდარები, ჩინელი ინჟინრის დაკითხვაში დაგვეხმაროს. იმ თანამედროვე აპარატურის შემოწმება საქართველოში არავინ იცის, გემუდარებით, გამარკვიეთ რა მოხდა, მე ამ ტვირთით უნდა ვიარო. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის ჩინელი ინჟინერი არ დაგვეკითხა. თქვენი ფიზიკის განათლების დონე მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყოფნის, რომ ის დასკვნა, რაც არის, არის ნული, რაც 5 თვის მერე ვნახე, მე-6 კლასის ფიზიკის მოსწავლე არ გააკეთებს, რაც იქ წერია. ვიხვეწებოდი, ვინც კომპეტენტურია, ის დავკითხოთ-მეთქი, პროკურატურისგან პასუხია არ დავკითხოთო, განა – ვერ“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.
დღევანდელ სხდომაზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, ფურცხვანიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.