პარლამენტის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიასთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ყურადღების ცენტრშია. მისი აქტიური პოლიტიკური ცხოვრება 2004 წლიდან დაიწყო. “ფორტუნამ” შეკრიბა ფაქტები, რა თანამდებობები და ქონება დააგროვა დეპუტატმა და მისმა ოჯახმა ამ 15 წლის განმავლობაში.
შემოსავალი
პარლამენტის წევრ ვანო ზარდიაშვილის შემოსავალმა 2018 წელს 46 796 ლარი შეადგინა – აღნიშნული ინფორმაცია 2019 წელს შევსებულ მის ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული. მის მეუღლეს კი ამავე პერიოდში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 48 576 ლარი აქვს მიღებული. თინათინ აბრალავა ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორია, საიდანაც მისმა შემოსავალმა გასულ წელს 6 060 ლარი შეადგინა.
უძრავ-მოძრავი ქონება
მის ქონებრივ დეკლარაციაში, ვანო ზარდიაშვილისა და მისი მეურლის თინათინ აბრალავას სახელზე 8 ბინა და ერთი კომერციული ფართია დარეგისტრირებული. წყვილს ბინების უმეტესობა ნაყიდი აქვთ თუმცა, თბილისში და ბათუმში ორი ბინა თინათინ აბრალავას 2017 წელს მშობლებმა აჩუქეს.
დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები მოძრავ ქონებას არ ფლობენ.
საბანკო ანგარიშები
რაც შეეხება ანგარიშებს, მას და მის მეუღლეს დეკლარაციის შევსების დროს, თანხები თიბისი ბანკის რამდენიმე ანგარიშზე ჰქონდათ განთავსებული. გარდა სახელფასო, საკრედიტო და ანაბრის ანგარიშებიდან, ზარდიაშვილს 2019 წელს აშშ-დან დედის მიერ 34 448.43 დოლარის ოდენობით ფულადი გზავნილი უფიქსირდება.
შვილები
თინათინ აბრალავას და ზარდიაშვილს ორი შვილი ჰყავთ. თამარ ზარდიაშვილის სწავლაში დეპუტატი 3500 დოლარს იხდის, ხოლო მეორე შვილის ბაღში 2750 ლარი აქვს გადახდილი.
ვინ არის ვანო ზარდიაშვილი
1982 წელს დაბადებული ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის წევრი 2016 წლის არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” პარტიული სიით გახდა. მანამდე, სამი წლის განმავლობაში, იგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა, იყო გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე.
“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, 2004-2012 წლებში, ვანო ზარდიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს აპარატში, იყო უშიშროების მინისტრის თანაშემწე, გენერალური პროკურორის მრჩეველი, განყოფილების უფროსი თბილისის მერიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი და ა.შ.
2004 წლიდან ის ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე იყო და როდესაც იგი გენერალურ პროკურორად დაინიშნა, ზარდიაშვილი მისი მრჩეველი გახდა.ზარდიაშვილი სასამართლო სისტემაში 2010 წლიდან მოვიდა და იმავე წელს მისი მეუღლე თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტად დაინიშნა. 2012 წლიდან ზარდიაშვილმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმდა.
ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა ყოფილი პარლამენტარის, “აღორძინების კავშირის” წევრის ანზორ აბრალავას შვილია. იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2010 წლის 1-ლი ივნისიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
მას 2015 წლის 30 იანვრიდან დღემდე მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა უკავია.