LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგებმა ახსნეს რატომ არის მანქანაში სიმღერა ასეთი სასიამოვნო

113

გრძელი სამუშაო დღის შემდეგ, მანქანაში დაბრუნება, საყვარელი მუსიკის ჩართვა და სიმღერა ისე, თითქოს გრემიზე გამოდიხართ – ეს შეგრძნება ალბათ ყველას გამოცდილი გაქვთ, თუმცა არასდროს გაგიანალიზებიათ, რომ ეს სასიამოვნო ქმედება თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

მუსიკას შეუძლია თქვენი ანტისხეულების გაზრდა, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისგან. ექსპერტების მტკიცებით, სიმღერა და ავტომობილის მართვა ერთდროულად, მენტალურ ჯანმრთელობაზეც კარგად აისახება, აი როგორ:

ამას თქვენი გონების სტიმულირება და სტრესის ან დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია 

ფსიქოლოგებმა დიდი ხანია იციან, რომ სიმღერას თავისი ბენეფიტები აქვს, თუმცა 2017 წლის გლობალურმა კვლევებმა დაამტკიცა მათი მოსაზრებები. სიმღერა ჯგუფში, სოციალური კავშირის და შემეცნებას ერთდროულად ასტიმულირებს.

ფსიქოთერაპევტმა კელი კითლიმ აღმოაჩინა, რომ სამსახურიდან ოჯხთან ერთად სახლში დაბრუნება და მანქანაში სიმღერის ტრადიცია, საოცრად ცლიდა სტრესისგან. ეს არა მხოლოდ კელიმ, არამედ მისი ოჯახის ხუთივე წევრმა იგრძნო.

მანქანაში სიმღერა კარგი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ უყვარს მედიტაცია და სტრესის საწინააღმდეგო სხვა აქტივობები.

“მართალია სიმღერის არჩევისას ჩვენი აზრები არ ემთხვევა, თუმცა ესეც ძალიან სახალისოა. მანქანაში სიმღერას ისევე ვურჩევ ჩემს კლიენტებს, როგორც იოგას და მედიტაციას” – აცხადებს კელი კითლი.

კონ ომარი, რომელიც სამხრეთ კაროლინის ლიცენზირებული პროფესორია, ამბობს, რომ პაციენტებს მანქანით გადაადგილებისას სიმღერას ხშირად ურჩევს. კონ ომარის თქმით, ეს აქტივობა მიძინებულ გონებას გამოფხიზლებაში ეხმარება.

“მუსიკის მოსმენის დროს, მძღოლებს უწევთ ნეგატიური ფიქრები პოზიტიურით ჩაანაცვლონ. ეს კი მედიტაციის შესაძლებლობაა” – აცხადებს პროფესორი.

ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში მანქანით მარტო გადაადგილება სტრესს იწვევს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ამ დროს მუსიკას უსმენთ, უარყოფითი ფაქტორები მინიმუმამდე დადის.

მუსიკა იმავე ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს, რომელსაც შეყვარებულთან ჩახუტებისას გამოყოფთ

ოჯახების თერაპევტი ქეით ზისკინდი ამბობს, რომ მუსიკა ოქსიტოცინის, ე.წ. სიყვარულის ჰორმონის გამომუშავებაში გეხმარებათ. ოქსიტოცინის ჰორმონს კი ნდობის, სტაბილურობის და დასვენების შეგრძნებების მოტანა შეუძლია. ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განწყობას. თუმცა, ეს ერთადერთი ჰორმონი არ არის, რომელსაც თქვენი ორგანიზმი საყვარელი ჰანგების მოსმენისას გამოყოფს.

“კვლევებმა აჩვენა, რომ საყვარელი სიმღერის მოსმენაზე ფიქრიც კი, კიდევ ერთ ბედნიერების ჰორმონის სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს” – ამბობს ქეით ზისკინდი.

სიმღერის დროს გამომუშავებული დოპამინი, ამცირებს იმ სიბრაზეს, რომელსაც გადაადგილების დროს გრძნობთ

საყვარელი მუსიკის აყოლის დროს, ორგანიზმის კიდევ ერთ ბედნიერების ჰორმონს – დოპამინს გამოჰყოფს – ამბობს ფსიქოლოგი კრისტენ ფულერი.

“კარგ მუსიკას შეუძლია საცობში თქვენი გაბრაზების მაჩვენებელი შეამციროს და ხელი შეუწყოს მშვიდ მგზავრობას, რაც პოტენციურად ნაკლებ საგზაო შემთხვევას ნიშნავს.

მუსიკის ჩართვა და ხმამაღლა მღერა ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს რაც შემდეგ მათ გარშემომყოფებზე გავლენას ახდენს,” – ამბობს ფსიქოლოგი.

სიმღერას დიაფრაგმის მეშვეობით დაძაბულობის მოხსნა უფრო ბუნებრივად შეუძლია, ვიდრე ღრმად სუნთქვას

როდესაც დაძაბული ხართ, როგორც წესი, გირჩევენ, რომ ღრმად ისუნთქოთ. თუმცა, თქვენს საყვარელ ტრეკს თუ აყვებით, ეს შესაძლოა ჩასუნთქვაზე და ამოსუნთქვაზე მეტად დაგეხმაროთ.

წიგნის “ბედნიერი გონების” ავტორი ლორეტა ბრენინგი ამბობს: გარდა ბედნიერების ჰორმონებისა, ხმამაღლა მღერა ათავისუფლებს დაძაბულობისგან, რომელიც “დიაფრაგმაში გროვდება”.

დაძაბულობას მაშინ გრძნობთ, როდესაც სხეულს ჰქონია, რომ საფრთხეს უქმნით, მაგალითად ღამით მუშაობის დროს.

“ღრმად სუნთქვა, ნამდვილად გაგრძნობინებთ თავს უკეთესად, თუმცა ეს სხეულისთვის ძალდატანების ხარჯზე მიღწეული შვებაა. სიმღერის დროს კი ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება.

ხმამაღლა სიმღერა ასევე გეხმარებათ ღამით მშვიდ ძილში” – აცხადებს წიგნის ავტორი.

 

სიმღერა გეხმარებათ გაურკვეველი ემოციების დროს

სწორად შერჩეული მუსიკა, თერაპიაა. ამ მუსიკაზე აყოლა კი გეხმარებათ გამოხატოთ ემოციები, განსაკუთრებით კი რთული და გაურკვეველი ემოციები.

“როდესაც სიტყვებს ვყვებით, ვგრძნობთ კავშირს არტისტთან და მარტოობის შეგრძნება ქრება. ის გეხმარებათ დაგროვებული ემოციის გამოშვებაშიც” – ამბობს ქცევის მართვის პროფესორი კრისტენ რეი.

როდესაც მანქანაში მარტო ხართ, ბოსი ვერ გეტყვით, რომელი სიმღერა შეარჩიოთ, პარტნიორი ვერ გეტყვით, რომ ცუდად მღერით, ბავშვები ვერ გეტყვიან, რომ მუსიკას ჩაუწიოთ, რადგან მათ ეს არ მოსწონთ. 2-3 წუთი, როცა სიმღერას მანქანაში ასრულებთ, თქვენ ცნობილი არტისტი ხართ, აკეთებთ იმას, რაც გსურთ და ბედნიერად გრძნობთ თავს.

huffpost.com-ის მიხედვით

მოამზადა თამთა უთურგაშვილმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები