LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფრთხილად იყავით სურდოს შემთხვევაში” – დელტა ვარიანტის სიმპტომები, რომელიც არ ასოცირდებოდა “კლასიკურ“ კოვიდთან

29740
BeFunky-collage (20)

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი „დელტა“ ანუ ინდური შტამის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას.

კერძოდ, ექიმი წერს იმ სიმპტომების შესახებ, რაც დელტა ვარიანტს ახასიათებს.

რევაზ ბოჭორიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ის რომ ვირუსები მუდმივად განიცდის(ან) მუტაციას, დიდიხანია ცნობილია. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ მუტირებული ვირუსით გამოწვეული დაავადების სიმპტომებიც განიცდის ევოლუციას.

დიდ ბრიტანეთს ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს დელტა ვარიანტით გამოწვეული კოვიდის ყოველმხრივი ანალიზისა. ერთ შესანიშნავ ბრიტანულ საიტზე მუდმივად ხდება ინფორმაციების განახლება ამ საკითხთან დაკავშირებით.
https://covid.joinzoe.com/post/new-top-5-covid-symptoms

ხოდა, ბოლო მონაცემებით, დელტა ვარიანტით გამოწვეული კოვიდის მთავარი სიმპტომებიდან, თავის ტკივილის შემდეგ, აღსანიშნავია ცემინება, სურდო და ყელის ტკივილი. ანუ ის, რაც მაინც და მაინც არ ასოცირდებოდა “კლასიკურ“ კოვიდთან, პირიქით სურდოიანებს ამშვიდებდნენ კიდევაც რომ კოვიდს სურდო არ ახასიათებდა.

ყნოსვის დაკარგვა (ანოსმია) ერთ ერთი მთავარი სიმპტომი იყო “იმ“ კოვიდის. ახლა კი უკვე აღარ… მე 9 ადგილზე გადაიწია.
სიმპტომების ამ ევოლუციის ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სურდოიანმა ადამიანმა შეიძლება შეცდომით ჩათვალოს რომ უბრალოდ

“გაციებულია“, კოვიდ ტესტი არ გაიკეთოს, ჰიგიენის წესები არ დაიცვას და სხვები დაავადოს კოვიდით…

ასევე, სურდო და ცემინება, როგორც დელტა ვარიანტით გამოწვეული კოვიდის მთავარი სიმპტომები განსაკუთრებით დომინირებს აცრილებში (თუ ისინი დაავადნენ, რაც თავისთავად იშვიათობაა) … რაც ასევე შეიძლება დამაბნეველი იყოს.

ამ უკანასკნელ ფაქტთან დაკავშირებით დავაზუსტებ, ანტივაქსერები მაინც და მაინც ნუ აღფრთოვანდებიან. დიახ, ვაქცინირებულების დაინფიცირება შესაძლებელია, ძალზე იშვიათად და არ არის ეს აღმოჩენა, არც კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების სპეციფიკა. ანა ბანაა მედიცინის.
ყველა ვარიანტში, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეფექტურია და იცავს დაავადებისგან. ამცირებს სიკვდილიანობას და საერთოდ ჰოსპიტალიზაციას.

მათ შორის დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც. განსაკუთრებით სრული ვაქცინაციის შემდეგ.

ასე რომ, ფრთხილად იყავით სურდოს შემთხვევაში! ცხადია, პარანოიაში გადავრდნაც საჭირო არაა. ისევ და ისევ, გონიერება და ზომიერებაა სწორი გზა”- წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის,  კორონავირუსის მუტირებული, დელტა შტამი, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოში, დელტა შტამის ოფიციალურად დადასტურებული რიცხვი 20-ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები