LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფრონტერას” განცხადებები საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ფასის გაზრდას ემსახურება?

86

საქართველოში დიდი რაოდენობით გაზის რესურსის აღმოჩენის შესახებ კომპანია ”ფრონტერას” ჯერ-ჯერობით, არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. ამერიკული კომპანია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში გაზის ოპერაციებს აწარმოებს, უკვე სამი წელია, გაზის დიდი ოდენობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში, რომელიც ნავთობისა და გაზის სექტორში მოქმედი კომპანიების მარეგულირებელია, აცხადებენ, რომ აღმოჩენის შესახებ ”ფრონტერას” სახელმწიფოსთვის ოფიციალურად არ უცნობებია, არადა, კომპანია საქართველოს კანონმდებლობის და სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულია, ასეთი აღმოჩენის შემთხვევაში ოფიციალურად განაცხადოს და ეს იმ დოკუმენტაციით გაამყაროს, რომელიც აღმოჩენას დაადასტურებს.

”ამ რესურსების არსებობის დადასტურებას სჭირდება ძალიან ბევრი და ძალიან კონკრეტული სამუშაოები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი სამუშაოები კომპანიას ჯერჯერობით, დაგეგმილი არ აქვს და შედეგად, აღმოჩენის თაობაზე ჩვენთვის არც ოფიციალურად უცნობებია”, – განუცხადა ”ფორტუნას” ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა.

საქართველო რომ გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ამის მოლოდინი არ აქვთ. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილი ფიქრობს, რომ გაზის მარაგების შესახებ ”ფრონტერას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯერ კიდევ შესწავლის საგანია.

”ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაქვს The Atlantic Council-თან და ინტენსიურად ვმონაწილეობთ მათ ღონისძიებებში. ბატონ ნიკარსონს, რომელიც საბჭოს წევრია, ძალიან კარგი პლატფორმა აქვს ასეთი ტიპის განცხადებების გასაკეთებლად, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში მოლოდინი იმისა, რომ საქართველო გახდება გაზის ექსპორტიორი, ჩვენ არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში ამის მასალები ჩვენთან წარმოდგენილი არ არის. ”ფრონტერას” საუშაო პროგრამა, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, მან ყოველწლიურად უნდა წარმოგვიდგინოს, ნამდვილად არ ასახავს იმ გეგმებს, რომელიც ითვალისწინებს სამი, ხუთი და უფრო მეტი ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მოპოვებას საქართველოში”, – განაცხადა მარიკა ვალიშვილმა.

თუმცა, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში განმარტავენ, რომ კომპანიას არათუ ხუთი ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მოცულობის აღმოჩენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არამედ, კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველწლიური სამუშაო ანგარიშიც არ წარუდგენია. ნორმის შეუსრულებლობის გამო, სააგენტომ კომპანია დააჯარიმა, რომელიც ”ფრონტერამ” გაასაჩივრა და წააგო კიდეც.

”უკვე სასამართლოს ძალით დაევალა კომპანიას ამგვარი ანგარიშის წარმოდგენა. ბოლო თარიღი 1 აპრილია”, – აღნიშნა გიორგი ტატიშვილმა.

რატომ არ წარმოადგინა ”ფრონტერამ” სამი წლის განმავლობაში აღმოჩენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და რა გავლენას ახდენს მსგავსი ტიპის განცხადებები საფონდო ბირჟის ფასებზე, – ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე აცხადებს, რომ რიგი კომპანიები ხშირ შემთხვევაში ჭორებს გამიზნულად ავრცელებენ, რათა ბირჟაზე საკუთარი აქციების კვოტირება გაზარდონ.

”თუ აქვს საფუძველი, ეს თქვას, ძალიან კარგია. მაგრამ, თუ ეს არის ტყუილი, გამიზნული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისი პარტიების კვოტირება გაიზარდოს საფონდო ბირჟებზე, ან შეიძლება აქციების გამოშვებას აპირებს. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უამრავი ტყუილი ყოფილა ხოლმე, რომ ბირჟებზე ფასების კვოტირებაზე გავლენა მოეხდინათ” – განუცხადა ”ფორტუნას” ვაჟა კაპანაძემ.

საქართველოში ხუთი ტრილიონი კუბური მეტრი გაზის რესურსის აღმოჩენის შესახებ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში კომპანია ”ფრონტერას” ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა. სტივ ნიკარსონის თქმით, სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება და შეძლებს ბუნებრივი აირით თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპა  მოამარაგოს.

”ვფიქრობთ, რომ საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი, დაახლოებით 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. საბადო აღმოსავლეთ საქართველოშია, მოცულობა ბაზარზე 10 წლის განმავლობაში გავა და გაზის მიწოდების კუთხით თამაშის წესებს შეცვლის”, – განაცხადა ნიკარსონმა.

კომპანია Frontera Resources Georgia Corporation-ი საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. იგი კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე აწარმოებს, რისთვისაც მან საქართველოში ოპერატორი კომპანია შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” დააფუძნა.

კომპანიას საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან წილობრივი განაწილების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. სახლემწიფოსა და კომპანიას შორის წილების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია კომპანიის მოთხოვნით, კონფიდენციალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები