სუპერმარკეტების ქსელ ”ფრესკოს” ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია მათ გასახდელებში ფარულად უთვალთვალებდა. თანამშრომლები აცხადებენ, რომ გასახდელებში დამონტაჟებულია ფარული ვიდეოკამერები, სადაც აკვირდებიან, როგორ იცვლიან თანამშრომლები ტანსაცმელს. მათი თქმით, ფარული კამერები მხოლოდ ქალების გასახდელშია დამონტაჟებული.
როგორც დასაქმებულები აცხადებენ, ამ ფაქტს „ფრესკოს“ ადმინისტრაცია იმით ხსნის, რომ აკვირდებიან, ხომ არ იპარავენ თანამშრომლები პროდუქციას და აცვიათ თუ არა უნიფორმა.
მარიამ ლაშხია, რომელიც ვარკეთილის ფილიალში მუშაობდა, ამბობს, რომ ფრესკოს ყველა ფილიალის გასახდელში აკვირდებიან>
„ფრესკოს ყველა ქსელში, გასახდელ ოთახებში ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა. ამ ოთახში შესვლა შეუძლიათ მამაკაცებს, ადმისტრაციის ნებისმიერ წევრს, რაც პირდაპირ მიუთითებს სექსუალური შევიწროების ფაქტზე. ყველაზე ხშირად მონიტორინგის ოთახში შესვლა შეეძლო დაცვის უფროს დავით ბულიას და მის მოადგილე ალექსანდრე ქაჩიბაიას. რამდენდაც ჩვენთვის ცნობილია, მათი ადგილზე არყოფნის დროს მონიტორინგი ხორციელდებოდა საცხოვრებელი ადგილიდანაც. როდესაც ვსვამდით კითხვას, რატომ იყო აუცილებელი ვიდეოთვალთვალი, მათი პასუხი იყო, რომ ხშირად ხდებოდა ქურდობა, როგორც ერთმანეთში, ასევე იყო შესაძლებელი, რომ რაღაც პროდუქცია მოგვეპარა”, – ამბობს მარიამ ლაშხია.
წყარო: ნეტგაზეთი