LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფრესკო“ თანამშრომლების თვალთვალის გამო დააჯარიმეს

132

“ფრესკო” თანამშრომლების თვალთვალში დამნაშავედ სცნეს და ჯარიმაც დააკისრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირები ავრცელებს.

„ამიერიდან სუპერმარკეტების ქსელი თანამშრომლების გასახდელებში ვეღარავის უთვალთვალებს! გილოცავთ პროფკავშირლებო, მეგობრებო და გულშემატკივრებო!!! და რაც მთავარია გილოცავთ “ფრესკოს” თანამშრომლებო“, – აცხადებენ პროფკავშირებში.

კომპანია „ფრესკო“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის წარმოებისათვის 2000 ლარით დააჯარიმა.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებდა ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში.

კომპანიას გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არსებული ჩანაწერების განადგურება დაევალა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში არის ჩანაწერი: ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. შესაბამისად, კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება.

„ფრესკოს“ ირგვლივ სკანდალი ოთხი თვის წინ აგორდა, თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ყველა ფილიალში, გოგონების გასახდელში, ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული. კამერების მასალებზე კი ხელი არა მხოლოდ მონიტორინგის ქალ თანამშრომლებს, არამედ, დაცვის უფროსს, მის მოადგილეს და სხვა თანამშრომლებსაც აქვთ.

პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა, განცხადება პროკურატურაშიც შეიტანა. თუმცა, მათგან პასუხი ჯერჯერობით, არ არის.