France Football აგრძელებს ახალი რეიტინგების შედგენას. ახლა ყველა დროის მწვრთნელების ჯერი დადგა.
პირველ ათეულში ორი მოქმედი მწვრთნელია. ჯერჯერობით არ არიან ზიდანი, მოურინიო და კლოპი, სამაგიეროდ ადგილი მოიძებნა კარლო ანჩელოტისთვის. იტალიელმა სხვადასხვა ტროფეი მოიგო იტალიის, ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთის კლუბებთან ერთად. ის რეიტინგის მერვე ადგილზეა.
პეპ გვარდიოლა ტოპ 5-ს ასრულებს. „ბარსელონაში“ წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ, კატალონიელი „ბაიერნში“ და „სიტიში“ მუშაობს, თუმცა ამათთან ერთად ევროპის მთავარი ჯილდომდე ვერ მივიდა.
ისტორიაში საუკეთესოდ რინუს მიხელსი დაასახელეს.
ჰოლანდიელს ტოტალური ფეხბურთის მამად მიიჩნევენ. მან სახელი „აიაქსში“ და „ბარსელონაში“ მუშაობით გაითქვა. თუმცა რა თქმა უნდა, იყო ბევრისთვის საყვარელი ნიდერლანდების ნაკრები. 1974 წელს „ნარინჯისფრებმა“ დრამატულად წააგეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გფრ-სთან. თუმცა 14 წლის შემდეგ, 1988 წელს იმავე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო დიდებულ გუნდთან ერთად.
საუკეთესოთა შორის მიხელსის მოწაფეც არის.
მეოთხე ადგილზეა იოჰან კრუიფი. დიადი ფეხბურთელი დაახლოებით 10 წელი ავარჯიშებდა. „აიაქსთან“ ერთად თასების თასი (1987) და ევროპის სუპერთასი მოიგო, ხოლო „ბარსელონაში“ მიბრუნებულმა ლეგენდარული დრიმ-თიმი შექმნა და ბლომად ტიტულები მოიგო, ჩემპიონთა თასის ჩათვლით (1992).
მიხელსის გარდა კრუიფი ჩამორჩება ალექს ფერგიუსონს და არიგო საკის.
სხვები
მეექვსე ადგილზე ლეგენდარული უკრაინელი ვალერი ლობანოვსკია. კიევის „დინამოს“ საბჭოთა პერიოდში საშინაო ტიტულების გარდა ორჯერ თასების თასი მოაგებინა, 1975-ში სუპერთასიც. დამოუკიდებელი უკრაინის სახელითაც „დინამოში“ ბევრს მიაღწია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს, რაც პოსტსაბჭოთა გუნდებისთვის წარმოუდგენელი იყო. წარმატებით უმუშავია ნაკრებშიც, 1988 წელს საბჭოთა კავშირი ლობანოვსკიმ ევროს ფინალში გაიყვანა.
ლობანოვსკის მოყვება ელენიო ერერა, რომლის აქტივში „კატენაჩოს“ მოფიქრებაა. რეიტინგის შემდგენლებს ახსოვთ ლეგენდარული ავსტრიელი ერნსტ ჰაპელი, ასევე „ლივერპულის“ ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ბილ შენკლი.