„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი „მთავარ არხზე“ საკმაოდ მოულოდნელად ვითარდება. რამდენიმე ტურის წინ არხის გენერალურმა დირექტომა, ნიკა გვარამიამ ვეტოს უფლება გამოიყენა და პროექტიდან გამოთიშვას ანა ქურთუბაძე გადაარჩინა. გუშინდელ ლაივზე, როდესაც ხუთეულის ბოლო ადგილი მაყურებლებისა და ჟიურის შეფასებით, ლუკა ჭოხონელიძემ დაიკავა, გვარამიას თავისი ვეტოს უფლება უკვე აღარ ჰქონდა, ამიტომაც ჟიურის შესთავაზა, არჩევანი გაეკეთებინათ, დატოვებდნენ თუ არა ლუკას პროექტში და მისცემდნენ თუ არა ფინალში გამოსვლის საშუალებას. პირველივე სიტყვა გიორგი გაბუნიამ მოითხოვა და აღნიშნა, რომ არასამართლიანად მიიჩნევდა ლუკას პროექტში დატოვებას, როდესაც სხვებმა ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ ფინალში აღმოჩენილიყვნენ. გიორგის მხარი სტეფანემ და სოფო ნიჟარაძემ დაუჭირეს და შესაბამისად, ჟიურის გადაწყვეტილებით, ის პროექტს გამოეთიშა…
ამ დრამატულ განვითარებამდე კი შედგა ტური, სადაც შეიძლება ითქვას, ყველაზე პოპულარული თანამედროვე კომპოზიციები შესრულდა, პირველ ნაწილში ლელა წურწუმიას, ხოლო მეორეში – სტეფანეს რეპერტუარიდან, ლელასა და სტეფანეს და ასევე კონკურსანტებს მუსიკალური თანხლება „ნონ სტოპმა“ და სტეფანეს ბენდმა გაუწიეს.
„მხოლოდ ქართულზე“ ბევრი სიურპრიზი გველოდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მუსიკალური. პირველი ნაწილი ლელა წურწუმიამ გახსნა, რომელსაც საინტერესო იმიჯი ჰქონდა მორგებული და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. გადაცემის მეორე ნაწილში უკვე სტეფანემ დაიკავა სცენა თავისი ჰიტით „დამიბრუნდი“, რომლის შესრულებასაც ჟიურის წევრებს შორის დიდი მხიარულება მოჰყვა.
ხუთმა კონკურსანტმა „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალზე ლელას და სტეფანეს რეპერტუარიდან თითო-თითო სიმღერა შეასრულეს. ჟიურის რჩეული განსაკუთრებით არტისტული მონაწილე, ანა ქურთუბაძე გახდა, რომელმაც ორივე შესრულებაში 50-50, უმაღლესი ქულები დაიმსახურა. თამთა ხუხუნაიშვილმა პირველი გამოსვლისას, როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ცოტა დააკლო, სამაგიეროდ, სტეფანეს ტურზე ჟიურის ხუთივე წევრისგან 10-10 ქულა მიიღო, სტეფანესა და მაია დარსელიძის ცნობილი კომპოზიციის, „ხელები“ გამორჩეულად შესრულების გამო. ლუკა ჭოხონელიძეს პირველივე ნაწილში დედის, ნატო გელაშვილის სიმღერის შესრულებამ მოუწია, თუმცა უნდა ითქვას, ამ პერფორმანსით მან ჟიურის წევრები ვერ აღაფრთოვანა, სტეფანეს ტურში სრულიად განსხვავებული გიორგი ძოწენიძე ვიხილეთ, რომელმაც ვერ ვიტყვით, რომ შავი შლაპასავით კარგად მოირგო სტეფანეს „მზე და შოკოლადები“, თუმცა მისი მონდომება და სხვა სტილთან მიახლოვება დადებით შტრიხად ჩაუთვალეს, ისევე, როგორც ნინი შონიას „ტანგოს“ შესრულებისას. ანა ქურთუბაძეს ნიკა გვარამიამ დიდხანს არ ალოდინა და „სახის“ კომპოზიციის „დიდხანს გელოდი“ სტეფანესეული ვერსიის შესრულებისას სცენაზე განთავსებულ ტახტზე გვერდით მიუჯდა…
„მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალზე მონაწილეები განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ და ეს ორი დიზაინერის, მარიამ გვასალიასა და დავიდ გევორქოვის დამსახურება გახლდათ.
გუშინდელ ლაივზე ფინალისტები დასახელდნენ და ესენი არიან: ნინი შონია, გიორგი ძოწენიძე, ანა ქურთუბაძე და თამთა ხუხუნაიშვილი.
სტეფანე:
მოგეწონათ? ძალიან ვინერვიულე. სანერვიულო იმიტომაა, რომ საკონკურსო რეჟიმია, კონკურსანტს რომ არ მოუხდეს, რომ არ იყოს მისთვის ორგანული, რომ ვერ გაამართლოს შერჩეულმა სიმღერამ, ეს ჩემი ნაკლი იქნება. ასე აღვიქვამ… როცა მითხრეს, რომ ჩემი ტური უნდა ყოფილიყო, ძალიან ვინერვიულე. შენ რომ თავად ასრულებ შენს სიმღერას, გასაგებია, მაგრამ სხვამ რომ უნდა შეასრულოს და მერე უნდა შეაფასონ, ნამდვილად სარისკოა.
თუმცა, გაამართლა…
მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
იყო განსაკუთრებული მომენტი, როცა სცენაზე ახვედი…
„მზე და შოკოლადებს“ რომ ვასრულებ, ხდება ხოლმე აწყვეტა და ახლაც არ იყო გამონაკლისი.
შეიძლება ითქვას, რომ მიეხმარე გიორგი ძოწენიძეს?
ვერ ვიტყოდი, უფრო მეტად ენერგიას მოვუმატე.
ლელას ტურიც შეგვიფასე…
ძალიან კარგი იყო. ლელას სიმღერებს სხვა თვალით შევხედე და მივხვდი, სხვანაირი რეპერტუარი აქვს, ღირებული და არაჩვეულებრივი.
საბოლოოდ, რა იყო შენთვის ეს ტური?
გამოწვევა და მინდოდა, ჩამებარებინა კარგად. დანარჩენი მაყურებელმა შეაფასოს. რადგან დაბალი ქულები არ დაიწერა, კმაყოფილი ვარ (იღიმის).
ფოტო: „მხოლოდ ქართული“
ნინო მურღულია