ბათუმი – საქართველოში უდაოდ გამორჩეული ქალაქია, ყველაზე განსხვავებული – თავისებურია, ლამაზი, სხვადასხვაგვარი: ევროპულია, ცოტა არაევროპულიც, 21-ე საუკუნესაც უწყობს ფეხს და, რა თქმა უნდა, ქართულიცაა.
ისტორიაც აქვს, სულ სხვანაირი არქიტექტურა, სიმწვანეც საკმარისია და თან ზღვა – აქვს ხედები, ტბები, გემები და კატერები, მოკირწყლული ვიწრო ქუჩები და ვრცელი საფეხმავლო-სასეირნო ბულვარი… ძალიან ლამაზი პატარა ან დიდი კაფე-რესტორნები… აქ ირევა სხვადასხვა რელიგია, რაც თავისებურ პეწს მატებს ქალაქს… ბევრია წასასვლელი და სანახავი ახლო-მახლო…
ბათუმში ყველაფერია: წარსული, თანამედროვეობა და მომავალი – აქ საბჭოთა ნაშთებიცაა, საქართველოც და ევროპაც…
პირველ ზოლში ბათუმი დუბაი ან ამერიკაა, შიგნით ევროპის პატარა ქალაქებისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროა – არცერთ სხვა ქალაქში არ გვაქვს ამდენი მოპირკეთებული, მოჩუქურთმებული აივნები, შენობები, ქუჩები…
ერთი ისეთი შენობა დგას, მადრიდში რომ გინახავს, ერთი ისეთი ქუჩაა ნიდერლანდებს მოგაგონებს, აივნებზე ყვავილები ისე გადმოუფენიათ საბერძნეთში გეგონება თავი, გაფენილი სარეცხი ქუჩაში მოსეირნეს ლამის თავზე ისე მოგედება, როგორც იტალიაში იციან… ერთი ეგაა, ოდნავ მეტი წესრიგი არ აწყენდა…
ბათუმი ვითარდება, წინ მიიწევს, მაგრამ საქართველოც რჩება მასში – ცოტა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ამოყრილი ქვაფენილები, მოუწესრიგებელი ტროტუარები, ძველი საბჭოთა დროინდელი შენობები, კუსტარულად გადაკეთებული საცხოვრებლები, სახელდახელოდ მოწყობილი გარევაჭრობა, გაუთავებელი მშენებლობები და სამშენებლო მასალები ქუჩებში – დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრია…
კიდევ – ბათუმში წვიმს…
ვნახოთ 2020 წლის ბათუმი დეტალებში, ფოტობიექტივში დანახული ახლო კადრით.
ერთიცაა – შეყვარება იცის ამ ქალაქმა…