LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნაძვის ხეების ტყე და ჯადოსნური საშობაო სოფელი თეკლა დვალიშვილის ქუთაისურ სახლში

16663
264716401-203903981946836-2440307861429213797-n

თეკლა დვალიშვილი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია, პროფესიით იურისტი, მაგრამ თუკი ქუთაისში მდებარე მის კერძო სახლში საახალწლოდ მოხვდებით, ნამდვილად ვერ იფიქრებთ, რომ ასეთი პრაქტიკული პროფესიის წარმომადგენელია. მის სახლში ოთხი ნაძვის ხე დგას, ასევე საშობაო სოფელი და ყველაფერს თეკლა საკუთარი ხელით რთავს. ნაძვის ხეების აწყობას კი 10 ნოემბრიდან იწყებს. როგორც fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, ჯადოსნური გარემო სწორედ იმ დიდი სიყვარულის გამო იქმნება, რომელიც ბავშვობიდან ამ დღესასწაულის მიმართ დედამ ჩაუნერგა…

თეკლა დვალიშვილი:

ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც დედა იწყებდა საახალწლოდ სახლის მორთვას, ამ დღესასწაულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. დედაჩემის ზღაპრულმა დღესასწაულებმა, რასაც გვიწყობდა, განაპირობა ჩემი სურვილი, რომ ჩემი შვილისთვის იგივე მომეწყო. დედა ქუთაისიდან თბილისში ჩამოდიოდა და აქ ყიდულობდა სათამაშოებს, ახლა თბილისს აღარ ვჯერდებით და საზღვარგარეთიდან ვიწერთ ხოლმე.

ამჟამად დიდ ოთახში გვიდგას სამი ნაძვის ხე და ბავშვის ოთახში – კიდევ ერთი, ასევე ეზოშიც.

ჩემი შვილისთვის ნაძვის ხე პერსონალურად წინა წელს გავაწყვე. ოჯახს ძალიან გვიყვარს „დისნეის“ თემატიკა და წინა წელს მისი პერსონაჟებით გავუწყვე, წელს კი თავად მოინდომა გრინჩის თემატიკა, რადგან ძალიან უყვარს, გამოვიწერეთ ყველა საჭირო ატრიბუტი.

ჩვენი ოჯახისთვის შობის ფერი წითელია, ამიტომ აქცენტს ამ ფერზე ვაკეთებთ. მრავალი წელია, ამ ფერის სათამაშოებს ვაგროვებთ. არ ვარღვევთ ტრადიციას, რომ ყოველ წელს ნაძვს ახალი სათამაშოები შევმატოთ.

წელს ნაძვის ხე შევცვალეთ, შარშან ასეთი მასშტაბური არ გვქონია (იღიმის). ორი წლის წინ სამი ნაძვით დავიწყე, შემდეგ ოთხზე გადავედი…

ვინ გახდა თქვენი ინსპირაცია?

ამერიკელი ქალბატონი. „ინსტაგრამზე“ ვნახე მისი საოცრად მორთული სახლი საახალწლოდ. ძალიან მომწონს და მინდა, რომ ოდესმე მის მსგავსად მოვაწყო. მას ყველა ოთახში აქვს ნაძვის ხე, განსხვავებული თემებით.

ჩვენი მთავარი ნაძვის ხე კლასიკურია, უკან რაც უდგას, დეკორაციაა, ერთი ოქროსფერში, მეორე – ვერცხლისფერში. ტყის ეფექტის შექმნა მსურდა.

მნახველები რას ამბობენ?

წინა წელს სტუმრებს არ ვიღებდით. მხოლოდ ახლობლები იყვნენ. სოციალურ ქსელში რომ ვაქვეყნებ, სტუდია ჰგონიათ და ვერ წარმოუდგენიათ, რომ სახლია. ერთი ნაძვის ხე თბილისში გვაქვს, რომელსაც თავისი თემატიკა აქვს, Candy Land და ვარდისფერ ფერში არის გაწყობილი.

რამდენ საათს ანდომებთ ნაძვის ხეების მორთვას?

საათს არა (იცინის). დღეებს. წელს დავიწყე 10 ნოემბრიდან. პირველ დეკემბრამდე მოვრჩი სახლს. ეტაპობრივად ვიწყებ – ჯერ ნაძვის ხის კონსტრუქციას ვაწყობ, ერთი დღე უნდა ნაძვის ხეებზე განათებების დამაგრებას – ყოველ ტოტზე ვახვევ განათებას, სიღრმეში შევდივარ, გამოვდივარ. ამისთვის განათება ძალიან დიდი რაოდენობით მჭირდება და დიდ დროსაც მოითხოვს. შემდეგ გადავდივარ სათამაშოებით მორთვაზე. ერთ-ერთ ნაძვზე მატარებელია მიმაგრებული, რომელიც მოძრაობს და სპეციფიკური დამაგრება სჭირდება. ბოლოს ვფუთავთ ყუთებს ქვედა დეკორაციისთვის. შემდეგ გადავდივარ ეზოს მორთვაზე, განათებებით, ბავშვის ოთახიც მოწყობაზე, რომლისთვისაც „დისნეის“ საშობაო კოლექციის ფიგურები გამოვიწერეთ, ბოლოს კი საშობაო სოფლის, რომელიც პატარა ფიგურებითაა მოწყობილი, დიდ ოთახში. საშობაოდ მაგიდასაც ვაწყობთ ხოლმე.

ამ ყველაფერს სად ინახავთ?

ქუთაისში დიდი სათავსო გვაქვს. პანდემიის გამო თბილისიდან აქ გადმოვედით და გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფრის წამოსაღებად სამარშრუტო ტაქსის დაქირავება დაგვჭირდა (იცინის).

მგონი, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოდ მორთული სახლი გაქვთ. პროფესიით დიზაინერი არ ხართ?

პროფესიით იურისტი ვარ. მაქვს საკუთარი სამშენებლო კომპანია, რომლის დირექტორიც და თანადამფუძნებელიც ვარ. ყველა დღესასწაულისადმი ასეთი დამოკიდებულება მაქვს. აღდგომაზეც ძალიან ვცდილობ სახლის მორთვას… ეს ჩემმა ზღაპრულმა ბავშვობამ განაპირობა.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები