LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: Brooklyn Funk Essentials – შავი ზღვის ჯაზფესტივალი ფანქის, ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის ჰანგებით დაიხურა

1619
ბრუქლინები

Brooklyn Funk Essentials წლების წინ აღმოვაჩინე, როდესაც ჩემს საყვარელ თურქულ ჯგუფზე Laco Tayfa ინფორმაციას ვაგროვებდი. მოვისმინე 1998 წელს გამოცემული მათი ერთობლივი ალბომი In The Buzzbag, სადაც აღმოსავლური და დასავლური მუსიკალურობის საოცარი ნაზავი შემხვდა. ისე მოხდა, რომ ჯერ თურქი ვირტუოზი კლარნეტისტის, ჰუსნუ სენლენდირიჩის შემოქმედება მოვისმინე და მისით მოვიხიბლე და შემდეგ ის და მისი ჯგუფი Laco Tayfa აღმოჩნდნენ გადასასვლელი ხიდი ამერიკულ ჯგუფამდე, რომელიც ჯაზის, ფანქის, ჰიპ-ჰოპის, რეგეის გემრიელ აჯაფსანდალს 90-იანი წლებიდან ამზადებენ.

ესეც ერთ-ერთი ფავორიტი სიმღერა „ბრუქლინებისა“ და „ლაჩო ტაიფას“ 1998 წლის ალბომიდან…

მაგრამ დავუბრუნდეთ „ბრუქლინებს“ – მათი აღმოჩენიდან ბევრი წელი გავიდა და ზემოხსენებული სიმღერაც ჩემს ფლეილისტში ერთი მიზეზით დაბრუნდა. შავი ზღვის ჯაზფესტივალზე სწორედ ეს ჯგუფი მოიწვიეს მესამე, დასკვნითი კონცერტის ჩასატარებლად. კიდევ ერთხელ გამახსენდა და სასიამოვნო მოლოდინის შეგრძნება დამეუფლა, ეს მაშინ ხდება, როდესაც იცი, რას უნდა ელოდო არტისტისგან…

ჯგუფს ძალიან დიდი ენერგია აქვს, რომელსაც უხვად გასცემს მაყურებლისთვის იმ გამოხატულ მუსიკალურობასთან ერთად, რომელიც წლებია, თან სდევს.

ეს არის კარგი მუსიკა, რომელსაც იმავდროულად უსმენ და ცეკვავ კიდეც.

„ბრუქლინები“ არასდროს მოგაწყენენ, რადგან მათთან ერთად ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და მხიარულია.

Stage 17-ის სცენაზე თავად მუსიკოსებმაც მაქსიმუმი გამოავლინეს და არც მაყურებლისგან დაჰკლებიათ შეფასება, დაფასება, ტაში და ოვაცია.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ამ კონცერტით დაიხურა. „ისთერნ ფრომოუშენსი“ უკვე იწყებს სხვა პროექტებისთვის მზადებას და რასაკვირველია, მელომანებმა ზუსტად ვიცით, რომ სიურპრიზები არ მოგვაკლდება, ერთი მათგანი უკვე ცნობილია – Stage 17-ის სცენას 24 აგვისტოს პროექტი Earth Wind and Fire Experience დაიკავებს…

ფოტო, ვიდეო: ბასის ჯადოქარი, ლეგენდარული მარკუს მილერი ბათუმის ჯაზფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგა

ახალი ათვლის წერტილი ბათუმის ჯაზფესტივალისთვის და 28 ივლისის გახსნა – ლეგენდარული Soul Train და 70-80-იანების ჰიტები

მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ 

ფოტო: visit Batumi

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები