LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: ბასის ჯადოქარი, ლეგენდარული მარკუს მილერი ბათუმის ჯაზფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგა

1937
Untitled design

ბათუმის ჯაზფესტივალი, დღე მეორე. ქალაქში ყველგან იგრძნობა საოცარი ატმოსფერო და მოლოდინი ჰაერში ტრიალებს… მელომანები მარკუს მილერთან შესახვედრად ემზადებიან. ზოგიერთმა მათგანმა ზუსტად იცის, რას ელოდება, ზოგისთვის ეს პირველი შთაბეჭდილება უნდა იყოს, მაგრამ მთავარი ლეგენდარულ მუსიკოსთან შეხვედრაა, რომელიც იმედგაცრუებით არავისთვის მთავრდება – დიდი ხანია, მუსიკალური სამყარო შეთანხმდა, რომ ის ერთადერთია და მისი მძიმე და იმავდროულად მსუბუქი დაკვრის სტილი ვერასდროს გამეორდება – ბასი მისთვის ხელების გაგრძელებაა, ეს ინსტრუმენტი ისე აქვს შეზრდილი, როგორც სხეულის ნაწილი, მარკუს მილერი ბასგიტარის გარეშე წარმოუდგენელია… მუსიკალური სამყარო კი წარმოუდგენელია მილერის შექმნილი ღრმა და ყოვლისმომცველი მელოდიურობის გარეშე, რადგან მილერი უდიდესი ინსტრუმენტალისტია, მაგრამ არანაკლები კომპოზიტორი…

ახალი ათვლის წერტილი ბათუმის ჯაზფესტივალისთვის და 28 ივლისის გახსნა – ლეგენდარული Soul Train და 70-80-იანების ჰიტები

ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჩანაწერების პროდიუსერი მარკუს მილერი – ასეთ წარდგენას ამოიკითხავთ ვიკიპედიაში მის შესახებ, მაგრამ ასეთი წარდგენა ბასის ლეგენდას, ალბათ, ყველაზე ნაკლებად შეეფერება. მარკუს მილერის მოსმენის შესაძლებლობა წლების წინ გვქონდა ქართველ მელომანებს და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ის ბათუმის ჯაზფესტივალს დაუბრუნდა. მხოლოდ მაილს დევისის სამ ალბომზე, მათ შორის, Tutu-ზე მუშაობა ძირითად კომპოზიტორად, მარკუს მილერს უკვე აქცევდა ლეგენდად, მაგრამ მის ანგარიშზე მუსიკის გაცილებით მეტ ლეგენდასთან მუშაობაა ჩაწერილი, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდია ლუთერ ვანდროსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი პოპულარული კომპოზიცია შეიქმნა…

ჰერბი ჰენკოკი, მაილს დევისი, დევიდ სანბორნი – ეს იმ მუსიკოსთა არასრული ჩამონათვალია, რომელთათვისაც მილერთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო. საინტერესო მუსიკალური ექსპერიმენტებისთვის გახსნილი მილერი ყოველთვის ყველა დიდ სცენაზე და სტუდიაში სასურველი სტუმარი იყო…

სასურველი სტუმარია საქართველოშიც, რადგან აქ დიდი რაოდენობის მსმენელი ჰყავს, რომელიც 29 ივლისს „Stage 17“-ის სცენაზე მის გამოჩენას განსაკუთრებულად ელოდა. ზევით იმედები ვახსენეთ და მარკუს მილერს რომ ელოდები სცენაზე, ზუსტად იცი, რომ ეს იქნება საღამო, რომელიც მუსიკალურ მეხსიერებას დიდხანს შემორჩება.

მილერის ოსტატობა ცალკეა, მაგრამ მისი ბენდის წევრების კიდევ ცალკე… მესაყვირე და საქსოფონისტი, რომლებიც მას ახლდნენ, აღარ გვიტოვებდნენ შესაძლებლობას, რომ ყურადღება პიანისტსა და დრამერზე გაგვემახვილებინა. როდესაც მაილს დევისისა და ჯაკო პასტორიუსის ხსენების და მათი ტრიბიუთის დრო დადგა, მესაყვირის მიერ შესრულებული მიძღვნა გაოცების გარდა არანაირ სხვა შესაძლებლობას არ გვიტოვებდა…

მარკუს მილერის მიერ შექმნილი კომპოზიციები თუ სტივ უანდერსა თუ მაილს დევისთან დაკავშირებული კომპოზიციები მელომანებს ერთ ადგილას ვერ აჩერებდა – მთელი დარბაზი მელოდიების შესაბამისად თითქოს ერთი მიმართულებით მოძრაობდა, თითქოს ყველას ესმოდა, როგორ დიდებულ მუსიკოსთან ჰქონდა საქმე და ყველა ბგერაზე შესაბამისად რეაგირებდა…

მარკუს მილერის კონცერტი, როგორც აღვნიშნეთ, დიდხანს შემორჩება მუსიკალურ მეხსიერებას, დღეს კი ფესტივალის დასკვნითი დღეა – ცეკვა ვახსენეთ და ამის გარეშე დღევანდელი დახურვა ნამდვილად ვერ ჩაივლის, რადგან სცენაზე დადგება ჯგუფი „ბრუქლინ ფანქ ესენშიალს“, რომელიც კიდევ ერთხელ შეგაყვარებთ ენერგიულ და გემოვნებიან მუსიკას…

მასალა მოამზადა
ნინო მურღულიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები