კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა, რაც საქართველოში პირველად განხორციელდა და უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც დაუშლელად მოხდა ძეგლის ადგილმონაცვლეობა. პროექტი „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ინიციატივით განხორციელდა, სამუშაოები კერძო კომპანია „ბაგინეთი პლუსმა“ შეასრულა. აღნიშნულ პროექტი კი კომპანია RMG- მ დააფინანსა.
ცნობისთვის, „აბულმუგის“ აბანო დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის XVII საუკუნის სპარსულ ნაგებობას წარმოადგენს. პირველი გამაგრებითი სამუშაოები 1970-იან წლებში ჩატარდა, თუმცა 2018 წლისთვის მისი მდგომარეობა კვლავ საგანგაშო იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან ძეგლზე გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა და მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის, არქეოლოგიური-გაწმენდითი, ძეგლის მდგომარეობა მაინც სავალალო რჩებოდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ბუნებრივი პირობების გამო ძეგლი კვლავ ზიანდებოდა.
როგორც „საყდრისის კომიტეტის“ წევრი, ნინო ბურჭულაძე აღნიშნავს, ძეგლის გადარჩენის მიზნით აუცილებელი იყო მისი უსაფრთხო ადგილზე გადატანა, რისთვისაც არაერთი კომპლექსური კვლევა ჩატარდა. მისივე თქმით, შერჩეული ადგილი და მისი ლანდშაფტი სრულად მორგებულია ძეგლზე, ახალ გარემოში ძეგლის შინაარსი და ხასიათი არ დარღვეულა.
ცნობისთვის, „აბულმუგის“ სპარსული აბანოს გადატანის სამუშაოებში ქართველმა სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა, კერძოდ, ძეგლების ადგილმონაცვლეობა მიღებულია, თუმცა, საქართველოში ეს პირველად „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. ამასთან, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე უნდა მოეწყოს, რისთვისაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.