რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 1,9 მილიონი ლარი შეადგინა.
გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარი შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდა და აღიჭურვა ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის, ან ახლის მოძიების მიზნით ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
„კახეთის რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი დიდია, ასევე ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები. პროექტის დასრულების შედეგად, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა სრულად მოგვარდება, რაც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ როგორც უსაფრთხოება, ამავე დროს, ცხოველებს მივუჩინოთ თანამედროვე, ძალიან კარგი დროებითი საცხოვრებელი“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.