იაპონიაში 7,1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც საკულტო ავტოდრომი Ebisu Circuit დაინგრა. დრიფტის მოყვარულების ფავორიტი ტრასა ათობით სპორტქართან ერთად განადგურდა.
სარბოლო კომპლექსი Ebisu Circuit ფუკუსიმას ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარეობს და ძლიერი მიწისძვრები ამ რეგიონისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. სპეციალისტების აზრით, 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 2011 წელს მომხდარი მასშტაბური ნგრევის გამოძახილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დრიფტ–პოლიგონი ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, მიწისძვრამ კომპლექსს სერიოზული ზიანი მოუტანა.
ტრასის სიახლოვეს ფარეხები იყო განთავსებული, სადაც მრბოლელები თავის „საგანძურს“ ინახავდნენ, მიწისძვრამ კი ავტომობილებიც არ დაინდო.
თუ რა ზიანი მიაყენა ბუნებრივმა კატასტროფამ Ebisu Circuit–ს, სპეციალისტებს ამის დათვლა უახლოეს მომავალში მოუწევთ. ამ დროისთვის კი იმის თქმა შეიძლება, რომ კომპლექსის აღდგენას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.