LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბევრი ემოცია, ცოტა ცრემლი და ზღვა სიხარული „მხოლოდ ქართულის“ ფინალზე

1267
mxldqrtl-finalnews

ემოციებით, ცოტა სევდით, ცრემლით, ბევრი სიხარულით, სავსე გამოვიდა „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონის ფინალური ტური. ორი ტურის განმავლობაში როგორც მაყურებელს, ისე ჟიურის წევრებს და თავად კონკურსანტებსაც მოულოდნელობებით დატვირთული ეპიზოდები ელოდათ წინ.

სანამ კონცერტი დაიწყებოდა, მანამდე კულისებში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. „მხოლოდ ქართულის“ ფოტოგრაფი, რომელიც პირველივე სეზონიდან მოჰყვება პროექტს, გაბედნიერდა. მისმა რჩეულმა ხელი პირდაპირ დარბაზში სთხოვა და ნათათო ასანიძისგან თანხმობაც მიიღო. ასე რომ, თავისი ცხორრების ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელზეც ამდენი ხანია მუშაობს და ტრამპლინად მიიჩნევს, მისი ბედნიერების სიმბოლოდაც იქცა…

თავის საყვარელ ადამიანს ხუთწლიანი განშორების შემდეგ შეხვდა ერთ-ერთი ფინალისტი, ნინი შონია. მისი მამა უცხოეთში მუშაობს და ცხოვრობს და სპეციალურად „მხოლოდ ქართულის“ ფინალზე დასასწრებად და ქალიშვილის საგულშემატკივროდ ჩამოვიდა, ნინის სიურპრიზი გაუკეთა და პირდაპირ ფინალურ ტურზე შეხვდა მონატრებულ შვილს…

კონცერტის მიმოხილვაზე გადავინაცვლოთ – პირველი ტური, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ გაუწია მენტორობა, მიუზიკლს ეძღვნებოდა, მეორე, გიორგი უშიკიშვილის მენტორობით, ქართულ ფოკლორს. ორივე ტურში ოთხივე კონკურსანტმა, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი.

ჟიურის წევრები ბევრ შემთხვევაში სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ. როგორც სტეფანემ აღნიშნა, მაღალი ქულები იწერებოდა იმის გამო, რომ ისინი მართლაც აღფრთოვანებულები იყვნენ შესრულების დონით, რომელიც თითოეულმა კონკურსანტმა წარმოადგინა. იყო ძალიან ცოტა 9-იანი და ბევრი 10-იანი, საბოლოოდ კი გადაწყვეტილება მაყურებელმა მიიღო და გამარჯვება ბათუმელ თამთა ხუხუნაიშვილს მიაკუთვნა, რომელსაც ბათუმში ბინის გასაღებიც გადაეცა და უამრავი სხვა პრიზიც, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ სპეციალურად მისთვის შერჩეული ორკაციანი საგზურით ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც პოპსამყაროს კერპის, მადონას კონცერტს დაესწრება.

როდესაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და „მხოლოდ ქართულის“ იდეის ავტორი, ნიკა გვარამია სცენაზე გამარჯვებულის ვინაობის გამოსაცხადებლად ავიდა, თავიდანვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, იმ საღამოს ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო არავის ეზეიმებოდა, მაგრამ კონკურსების წესებს უნდა მიჰყოლოდნენ და გამარჯვებული გამოეცხადებინათ. თამთა ხუხუნაიშვილის სახელისა და გვარის გაჟღერების შემდეგ სცენა განათდა, თამთას კი „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული „მხოლოდ ქართულის“ სტატუეტი გადაეცა.

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულის დასახელების შემდეგ fortuna.ge-მ საღამოს მთავარი გმირები ჩაწერა და მათი ემოციები გაიზიარა.

როგორი ემოცია გქონდათ, როდესაც უყურებდით, როგორ ასრულებენ ახალგაზრდები ფოკლორის ტურში თქვენ მიერ შერჩეულ კომპოზიციებს?

გიორგი უშიკიშვილი:

აღვნიშნე კიდეც, რომ ძალიან რთულია, სულ რაღაც ერთ კვირაში იქცე ხალხური სიმღერის შემსრულებლად, მაგრამ ასეთ კონკურსებში ხალხური სიმღერის ჩართვა არის მისი პოპულარიზაცია. მგონი, ეს ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩვენი მომავალი თაობა ამას კარგად ართმევს თავს და რაც მთავარია, ძალიან უყვართ. სწორედ ამ ერთკვირიანმა ჩვენმა მუშაობამ დაადასტურა, რომ ისინი მთელი გულით იყვნენ მონდომებულები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ოთხივემ ძალიან კარგად გაართვა თავი.

ზოგადად რომ შეგვიფასოთ „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი…

ბრწყინვალე სეზონი იყო. ის მზადდებოდა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ კახეთში, კაჭრეთის „ამბასადორში“, რამაც თავისი განწყობა შემოიტანა, არჩვეულებრივი კონკურსანტები იყვნენ, გადამღები ჯგუფი… ყოველ შემთხვევაში, ახლად დაფუძნებული არხისთვის ვფიქრობ მეგაზე მეგაოსუ გამოგვივიდა (იღიმის).

სოფო, ძალიან დავარცხნილი და აკადემიური გამოვიდა მიუზიკლის ტური…

სოფო ნიჟარაძე:

რთულია შენი ნამუშევრის შეფასება, საერთო ჯამში ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ფინალი გვქონდა, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტური იყო. მონაწილეებმა არაჩვეულებრივად აჩვენეს თავი როგორც ერთში, ასევე მეორეში. იმასაც ვამბობდი, რომ იმდენად არაჩვეულებრივი, ერთმანეთისგან განსხვავებული კონკურსანტები გვყავდა, რომელთაგანაც თითოეული იმსახურებდა ფინალში ყოფნას, ვისაცც უნდა გაემარჯვა, თავაწეულები და ამაყები ვიქნებოდით მესამე სეზონის გამარჯვებულით.

ჟიურის და მაყურებლის საერთო ქულებით თამთა არის გამარჯვებული, რომელიც პირველი დღიდან იყო ჩვენი ფავორიტი და უდავო ლიდერი. ვულოცავვ მას. რაც მთავარია, ვუსურვებ, შეინარჩუნოს ის სიყვარული, რომელიც ამ პროექტის განმავლობაში მოიპოვა და გააძლიეროს. ბევრ ახალ საინტერესო ნომერს, სიმღერას ვუსურვებ. ჩვენ კი დავიწყებთ მზადებას ახალი ვარსკვლავების შესარჩევად. ცოტა გულისწყვეტა გამოიწვია ფინალურმა ტურმა, რაც მუდამ ახლავს ხოლმე ბოლო ეპიზოდს, მაგრამ ჩვენ უკვე ვიწყებთ ფიქრს ახალზე…

უნდა ველოდოთ მეოთხე სეზონს მალე?

სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ. „მხოლოდ ქართული“ პირველი სეზონიდან თავისი რეიტინგით და მაყურებლის ინტერესით ამტკიცებს, რომ მსმენელისთვის სასურველია და  კიდევ უფრო აყვარებს და ახსენებს ძველს. შემდეგისთვის ვისურვებდი, რომ ახალი სიმღერები შესრულდეს. იმედია, მეოთხე სეზონზე ეს აუცილებლად მოხდება. წარმატებას ვუსურფებ ყველას, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა და ვინც მომავალში აპირებს მოასვლას ჩვენს პროექტში. ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ, რადგან ეს სჭირდება საქართველოს და ჩვენს ესტრადას. უნდა შეიქმნას ახალი მუსიკალური ნომრები, რომ ამ სფერომ იცოცხლოს და აყვავდეს, ჩვენ ამას ხელს შევუწყოთ და ვფიქრობ, რომ „მხოლოდ ქართული“ სწორედ ის პროექტია, რომელსაც ეს მიზანი ამოძრავებს, – ახალი ტალანტების  გამოვლენა და ქართული სიმღერის პოპულარიზება.

ქალბატონო მარინა, პირველად გხედავთ თვალცრემლიანს…

მარინა ბერიძე:

დიდი ხანია, არ გამიკეთებია მუსიკალური პროდიუსერის საქმე და მეგონა, აღარ დავბრუნდებოდი, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ამიტომ ვიტვირთე ეს საქმე და ვარ ბედნიერი. რვა ურთულესი, გამოწვევებით სავსე ტური ჩატარეთ, რომლებიც სავსე იყო ავთენტურობით, არაავთენტურობით, ახალი ვერსიებით, მუსიკოსებით, რომლებმაც გაიზიარეს ბავშვების სიყვარული, ეს არის მთავარი, ის, რაც გვაკლია და ასე უნდა ვიაროთ წინ, რომ ახალგაზრდებს გვერდში დავუდგეთ.

ბეწვის ხიდზე იარეთ ტურების თემების შერჩევისას.

ვიარეთ, ასეა, რადგან მძიმე ტურები იყო, სამაგიეროდ, ბევრი „მხოლოდ ქართულის“ ამ სეზონიდან ავა და დადგება სცენაზე. ეს არის ჩემი მუშაობის მეთოდი. ასე იყო „ჯეოსტარში“ და ასე გავაგრძელე აქაც.

თამთა ხუხუნაიშვილიც იდგება სცენაზე?

თამთა იქნება სრულიად ახალი სახე ქართულ ესტრადაზე, თუ ჩემი გჯერათ, ისევე, როგორც თავის დროზე შეგპირდით, რომ სოფო ბათილაშვილი იქნებოდა ასეთი.

თამთა, ელოდებოდი შენი სახელისა და გვარის დასახელებას?

თამთა ხუხუნაშვილი:

სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას არ ველოდი, იმდენად დიდი ემოციები მქონდა, რომ ვერაფერზე ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, გამარჯვების ძალიან დიდი სურვილი მქონდა. ახლაც ისეთ ემოციებში ვარ, რომ ნორმალურად ვერ გამოვხატავ. ჯერ ვერ გავიზარე, რომ გამარჯვებული ვარ.

ამ პროექტიდან მივიღე გამოცდილება, სიხარული, სიყვარული და გამარჯვება.

როგორ ხედავ შენი კარიერის გაგრძელებას?

აუ, არ ვიცი. ჯერ ა რ ა ფ ე რ ი არ ვიცი (იღიმის).

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ გადმოგცა ორკაციანი საგზური მადონას კონცერტზე დასასწრებად ევროპაში. როგორ შეხვდი ამ საჩუქარს?

ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მომწონს მადონა და მართლა ძალიან დიდი სურვილი მქონდა, როცა მისი კონცერტების ჩანაწერებს ვუყურებდი, რომ მეც დავსწრებოდი. უდიდესი სურვილი ამისრულა რადიო „ფორტუნამ“ და ამისთვის უღრმეს მადლობას გიხდით.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ნინო მურღულია