ფოთის საზღვაო ნავსადგურში უსაფრთხოებასთან და გარემოს ზემოქმედებასთან დაკავშირებული დარღვევები გამოვლინდა.
როგორც ”ფორტუნას” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ განუცხადა, ნავსადგურის მმართველ კომპანიას APM Terminals-ს შენიშვნებისა და რეკომენდაციების 60-პუნქტიანი ანგარიში გადაეგზავნა.
”ნავსადგურის მმართველ კომპანიას მიეცა შესაბამისი მითითებები და ისინი ვალდებული არიან უმოკლეს ვადებში აღმოფხვრან დარღვევები, რაც შემოწმების შედეგად გამოვავლინეთ. უნდა გაუმჯობესდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე გარემოს დაბინძურების კუთხით უნდა გატარდეს მეტი პრვენციული ღონისძიებები. არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ამჟამად გარემოს აბინძურებენ, მაგრამ საჭიროა ზოგადი პრევენციული ზომების გატარება საერთაშორისო ნორმების მიხედვით. 60-მდე შენიშვნა, რომელიც ჩვენ დავწერეთ, არის როგორც მაღალი, ისე საშუალო რისკის შემცველი. ”ტერმინალი” გაგებით ეკიდება სიტუაციას და დარღვევებს უახლოეს მომავლში აღმოფხვრის,” – განუცხადა ”ფორტუნას” ახალაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად სააგენტო ბათუმის ნავსადგურს ამოწმებს, ბოლოს კი ყულევის ნავსადგურს შეამოწმებს.
”ვამოწმებთ უსაფრთხოების, უშიშროების, გარემოს დაცვის სტანდარტების მხრივ, ასევე ნავსადგურის პერსონალის მზადყოფნას სხვადასხვა ავარიული სიტუაციების მიმართ. მოწმდება როგორც საერთაშორისო ნორმების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ჩვენი მიზანია ყველა ნავსადგურში უსაფრთხოების სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული. ასევე, ნავსადგურები გამოირჩეოდნენ მაღალი კონკურენტუნარიანობით საერთაშორისო დონეზე,” – აღნიშნა ახალაძემ.
ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა დარღვევების გამო, ნავსადგურების დაჯარიმებას არ გამორიცხავენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურის კომპლექსური შემოწმება 4 აპრილიდან დაიწყო.