ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება და მისი სიღრმე 13 მეტრი იქნება, – ამის შესახებ PACE Group-ის დირექტორი, ირაკლი თათეიშვილი აცხადებს. ის ამბობს, რომ ახალი ტერმინალი ისეთ ტვირთებს მოემსახურება, რომლებსაც დღესდღეობით ფოთის და ბათუმის ნავსადგურები შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ ქონის გამო, ვერ ემსახურება.
„პროექტის ჯამური ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი ორ ფაზად უნდა განხორციელდეს. პირველი ფაზის ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ მახასიათებლებს, 27 ჰექტარ ტერიტორიაზე იქნება, რაც შეეხება ჰიდროტექნიკური ნაგებობებს, რომლის მშენებლობაც დღეს მიმდინარეობს, ნავმისადგომის სიგრძე 260 მეტრი იქნება, სიღრმე 13 მეტი. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში არსებულ არცერთ ნავსადგურს, არც ბათუმის და არც ფოთის ნავსადგურს, ასეთი სიღრმე არ აქვს. 13 მეტრის სიღრმე საშუალებას მოგვცემს 50 000 ტონიანი გემები მივიღოთ, რაც სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთ პორტს არ შეუძლია“, – განმარტავს PACE Group-ის დირექტორი.
ცნობისთვის, ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო.