აშშ -ში ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნის საქმეზე 56 წლის ცეზარ საიოკი დააკავეს. ტელეკომპანია NBC News ამ ინფორმაციას ტელეკომპანია სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცეზარ საიოკი ამერიკელი სამართალდამცავებმა ავტონაწილების მაღაზიაში აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საიოკს ფურგონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სურათები აღმოუჩინეს.მედია წერს, რომ მას კრიმინალური წარსული აქვს. იგი 2002 წელსაც ბომბის ამოქმედების მუქარისთვის დააკავეს. მას მაშინ ერთწლიანი პრობაცია მიუსაჯეს.
მთავარი პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ გამოძიება 5 მუხლით მიმდინარეობს. ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანსპორტირება შტატებს შორის, ასაფეთქებელი მოწყობილობის არალეგალური გაგზავნა, საფრთხის შექმნა ყოფილი პრეზიდენტებისა და სხვებისთვის, საფრთხის შექმნა შტატებს შორის კომუნიკაციისათვის, თავდასხმა მოქმედ და ყოფილ ფედერალურ ოფიცრებზე.ყველა ზემოაღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საიოკს 58 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ასაფეთქებელი მოწყობილობები ბოლო სამი დღის განმავლობაში 12 მისამართზე გაიგზავნა. ადრესატებს შორის იყვნენ ბარაკ ობამა,ჰილარი კლინტონი, ჯო ბაიდენი, მსახიობი რობერტ დე ნირო და ჯორჯ სოროსი. ამანათი მიიღეს ტელეკომპანია CNN-ის ოფისშიც.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარს “ტერორისტული აქტი” უწოდა და თქვა, რომ ასეთ “საზიზღარ ფაქტებს აშშ-ში ადგილი არ უნდა ჰქონდეს”