“ფორტუნას” ჟურნალისტი, ნიკა კაცია, ინფორმაციას ავრცელებს, რომ მისი ძმა – ლაშა კაცია, გუშინ, გვიან ღამით, პოლიციელებმა სცემეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “ფორტუნასთან” თავად ლაშა კაციამაც ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, შემთხვევა გლდანის მე-8 მიკრორაიონში მოხდა, როცა სახლში დაბრუნებული ლაშა კაცია პოლიციელებმა გააჩერეს. მათი გაღიზიანება ლაშა კაციას მხრიდან მათთვის თავის წარდგენის მოთხოვნამ და ტელეფონით გადაღების მცდელობამ გამოიწვია.
“მიპასუხეს, რომ ფორმა ისედაც ყველაფერზე მეტყველებს. რის შემედეგაც ვუთხარი, რომ უნიფორმის შეძენა ყველას შეუძლია და მაქვს უფლება, თავის წარდგენა ვთხოვო. ამის შემდეგ მომთხოვეს პირადობის მოწმობა, რაზეც წინააღმდეგობა არ გამიწევია და მივაწოდე, პირადობას გადაუღეს სურათი, რაზეც ვუთხარი, რომ გადაეზავნათ მონაცემები და, თუ რაიმე პრობლემა იყო, შეეტყობინებინათ. დაიწყეს დამცინავი ქმედებები იმისთვის, რომ გამოვეწვიე, პირადობას თან ვითომ მაწვიდნენ, თან – არა. ვიკითხე, კამერები თუ ჰქონდათ, რაზეც პასუხი არ გამცეს. მაშინ მე ჩავრთავ-მეთქი. ჩემი ტელეფონის ჩართვა იყო ძალიან დიდი პრობლემა. ვიფიქრე, მანქანის ნომერს გადავიღებდი, რომ შემდეგ განყოფილებაში საჩივარი დამეწერა იმაზე, რაც მოხდა.
“მანქანასთან მისვლაც არ მაცადეს, ტელეფონი წამართვეს, შეურაცხყოფა მომაყენეს, ძალით ჩამსვეს მანქანაში, სუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევდნენ და ვითხოვდი, ჰაერი მინდა-მეთქი. ქუდი დამივარდა, რაზეც თქვეს, რომ ქუდი ადგილზე არ უნდა დარჩენილიყო და დაახლოებით, 2 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მანქანაში ჩასმას. ამ დროს უკვე გავუწიე წინააღმდეგობა და ხმამაღლა ვითხოვდი შველას. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ვყვიროდი, რომ ჩემებისთვის ხმა მიმწევდინა. რამდენიმე მეტრში გადამიყვანეს ჩემი სახლიდან, სადაც მოვიდა “შკოდის” ფირმის მანქანა, რომლის თანდასწრებითაც უკვე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. ეს პიროვნება “შკოდით” რამდენიმეჯერ მოვიდა და წავიდა, არ ვიცი, რას არკვევდა. ამ ადამიანემა ჩათვალა, რომ ჩემი კამერით გადაღებით წინააღმდეგობა გავუწიე და შეურაცხყოფა მივაყენე მათ,” – აცხადებს ლაშა კაცია.
საბოლოოდ, ლაშა კაცია გლდანი-ნაძალადევის მეორე განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას არც ადვოკატის და არც ზარის განხორციელების უფლება არ მიეცა.
ლაშა კაცია ამბობს, რომ განყოფილებაში სამართალდარღვევის ოქმი გააფორმეს და მისგან ითხოვდნენ, სასამართლოზე წინააღმდეგობის გაწევა ეღიარებინა. ლაშა კაცია ამბობს, რომ ადგილზე იყო მოსული პატრულის თანამშრომელიც, რომელთანაც ასევე ითხოვა ადვოკატი, თუმცა, ამაზე მიიღო პასუხი, რომ ეს მისი კომპეტენცია არაა და განყოფილების უფროსისთვის უნდა მიემართა.
ის ამბობს, რომ ოქმს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ გაეთავისუფლებინათ. ამასთან, ლაშა კაცია აცხადებს, რომ მართალია და საკუთარ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს. ის აპირებს, დახმარებისთცს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც” მიმართოს.
მომხდართან დაკავშირებით “ფორტუნა” შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ კომენტარს საქმის არსში გარკვევის შემდეგ გააკეთებენ.