13 თებერვალი რადიო სივრცისთვის განსაკუთრებული თარიღია – უკვე მეთერთმეტე წელია, 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება.
რადიოს საერთაშორისო დღე 2011 წელს იუნესკომ დააარსა. ინიციატივის მთავარი მიზანი კი რადიოს განვითარება და მისი უფრო მეტად პოპულარიზაციაა.
იუნესკოს ინფორმაციით, სხვადასხვა საერთაშორისო მოხსენება მოწმობს, რომ რადიო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება. რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც სწორედ “რადიოსა და ნდობას” ეხება.
იმისათვის, რომ რადიო სივრცისთვის სიმბოლური თარიღი უკვე მეთერთმეტედ, ყველამ ერთად აღნიშნოს, წელს იუნესკო, მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაში იწვევს.
ღონისძიების მიზანია, რადიოსადგურის დამფუძნებლებმა გააზიარონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ.
ქართულ რადიო სივრცეში ლიდერ პოზიციაზე მყოფ რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ღირსშესანიშნავ დღეს მომღერალი დათო ხუჯაძე ულოცავს:
“ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მეგობრობა რადიოს დაარსების დღიდან იწყება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ “ფორტუნას” დამსახურებაა “სახეს” წარმატება და ჩემი სოლო კარიერის განვითარება.
რადიო ყოველთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა და დღესაც ასეა, რადგან იქ, სადაც ტელესიგნალი ვერ აღწევს, აუცილებლად რადიოს ხმა ისმის. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს!” – აცხადებს დათო ხუჯაძე.
რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” წარმატების ისტორია თითქმის 25 წლის წინ დაიწყო.
24 წლის წინ, 1997 წლის 31 დეკემბერს რადიო “ფორტუნა” ეთერში პირველად გავიდა.
24 წლის შემდეგ კი რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.
უკვე 24 წელია, ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.
ჯამურად, “ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.