კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ფორმულა კრეატივის” განაცხადს მაუწყებლობის დაწყებაზე ხარვეზი დაუდგინა და ცვლილებების ასასახად 5 სამუშაო დღე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას კომისია აქვეყნებს.
კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირდა შემდეგი სახის ხარვეზები:
- განცხადებაში არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება;
- თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით არის წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას.
- გეგმაში მითითებულია მხოლოდ ის შემოსავალი, რომლის მიღების მოლოდინი კომპანიას მაუწყებლობის დაწყების შემდეგ აქვს.
- ამას გარდა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების ხარჯები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმებზე მაუწყებლობის დაწყების თარიღები.
- ასევე, არ არის მითითებული რა სახსრებით გეგმავს კომპანია აღნიშნული ხარჯების დაფარვას. კომისიისთვის ასევე არ არის მოწოდებული მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს „სტერეო+“-თან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება;
- კიდევ ერთი ხარვეზი საწესდებო კაპიტალსა და მისი განაღდების ნაწილს ეხება. გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, ისევე, როგორც ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ”, — აღნიშნავს კომისია.
“შპს „ფორმულას“ აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონით დადგენილი 5 სამუშაო დღე აქვს.
დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციას მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში მიანიჭებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 5 სამუშაო დღეში აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხდება, კომპანიას კვლავ აქვს შესაძლებლობა მაუწყებლობაზე ავტორიზაციის მისაღებად უხარვეზო განაცხადით განმეორებით მომართოს კომისიას,” – ნათქვამია განცხადებაში.