პორტალმა ClassicCars.com, რომელიც კლასიკურ ავტომობილებზე სპეციალიზირდება, აშშ-ში ყველაზე პოპულარული საკოლექციო ავტომობილები დაასახელა. რეიტინგი საძიებო ველში გაკეთებული მოთხოვნების შესაბამისად შედგა და ის 2016 წლის მონაცემებს ამერიკის ყველა შტატიდან აერთიანებს.
ყველაზე ხშირად პორტალზე კლასიკურ Ford Mustang-ს ეძებდნენ – სხვადასხვა წლებში გამოსული მოდელები 50-დან 13 შტატში პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე შვიდი შტატის შედეგებით Chevrolet Impala გავიდა, სამეულს კი Camaro ასრულებს, რომელსაც ამერიკის ხუთ შტატში ყველაზე აქტიურად ეძებდნენ.
შემდეგი ადგილები Chevrolet Corvette-მა, Dodge Charger-მა და Ford Thunderbird-მა გაინაწილეს.
ერთადერთი არა ამერიკული ბრენდი, რომელიც საძიებო ველში გაკეთებული მოთხოვნების მიხედვით პირველ ადგილზეა, Mercedes-Benz აღმოჩნდა. კონექტიკუტში ყველაზე ხშირად მოდელ 250SE-ს შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას.
მთლიანობაში 2016 წელს აშშ-ში პორტალზე ”მუსტანგის” შესახებ 3 736 942 უნიკალური მიმართვა გაკეთდა, არა ამერიკულ ბრენდებს შორის ყველაზე პოპულარული Volkswagen-ის მინივენები აღმოჩნდა – 240 646 გაკეთებული მოთხოვნით.
პორტალი ClassicCars.com საკუთარ თავს საკოლექციო ავტომობილების გაყიდვების ყველაზე მსხვილ არეალად მოიხსენიებს. ერთდროულად საიტზე დაახლოებით 30 000 კლასიკური ავტომობილი იყიდება, რომლებსაც კერძო პირები, სადილერო ცენტრები და აუქციონის სახლები წარმოადგენენ.