ამერიკული გამოცემა ,,ფორბსი” ავრცელებს ნორვეგიელი მეცნიერის, ბირგერ სორენსენის განცხადებას, რომლის თქმითაც ახალი კორონავირუსის სტრუქტურის შემადგენელი ზოგი ნაწილი გვიჩვენებს, რომ ისინი ხელოვნურადაა შექმნილი.
ბრიტანულ-ნორვეგიული კვლევის ავტორის თქმით, კვლევებმა უჩვენა, რომ SARS-CoV-2 ბუნებრივი წარმოშობის არ არის. აღნიშნულთა დაკავშირებით ,,ფორბსს” ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელი, სერ რიჩარდ დირლავი ესაუბრა.
მისი თქმით, კვლევის ავტორებმა, სორენსენმა და ბრიტანელმა პროფესორმა ანგუს დენგლიშმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსის ცილოვანი წვეტების სტრუქტურული ნაწილაკები ხელოვნურად არის შექმნილი და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ვირუსს გამოჩენიდან დღემდე საგრძნობი მუტაცია არ განუცდია და იგი თავიდანვე ბოლომდე ადაპტირებული იყო ადამიანთან.
კვლევა კანდიდატ ვაქცინაზე, Biovacc-19-ზე მუშაობის ფარგლებში ჩატარდა.
სორენსენმა NRK-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალ კორონავირუსს აქვს თვისებები, რომელსაც ბუნებაში ვერ შევხვდებით და ამით ის ძალიან განსხვავდება SARS კორონავირუსისაგან. მისი თქმით, აშშ და ჩინეთი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ კორონავირუსების კვლევებში მათი უკეთ შესწავლის მიზნით და არ არის გამორიცხული, რომ ახალი ვირუსი შემთხვევით ,,გაიპარა” ვუჰანში არსებული ლაბორატორიიდან გარემოში, შემდეგ კი პროცესი შეუქცევადი გახდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით ხმები უკვე რამოდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა აქამდე ამის შესახებ საჯაროდ და ხმამაღლა არავის უსაუბრია.
MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის თქმითაც, უდიდესი ალბათობით, ვირუსის გაშვება შემთხვევით მოხდა, თუმცა ჩინეთის ხელისუფლება ნამდვილად არის დამნაშავე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვაში. მან აღნიშნა ისიც, რომ ნორვეგიელი და ბრიტანელი მკვლევარების რეპორტი არაერთმა სამეცნიერო საინფორმაციო საშუალებამ დაბლოკა, რათა ჩინეთის რისხვა აეცილებინათ თავიდან.