ამერიკული Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2024 წლის რეიტინგში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ. როგორც ირკვევა, მათი ქონება ზრდას ომის, მუდმივი ინფლაციისა და პოლიტიკური არეულობის ფონზეც განაგრძობს.
გამოცემის წლევანდელ რეიტინგში 2781 მილიარდერია – 141-ით მეტი გასულ წელთან და 26 მილიარდერით მეტი 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდთან შედარებით. ამასთან, ამ 2781 მილიარდერს შორის 369 ქალია.
მილიარდერების საშუალო ასაკი 66 წელია. სიის ყველაზე ხანდაზმული წევრი, 102 წლის ჯორჯ ჯოზეფია (1.7 მილიარდი დოლარი), რომელიც სადაზღვევო ბიზნესშია ჩართული. ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კი 19 წლის ლივია ვოიგტია, ბრაზილიელი მემკვიდრე, რომლის ბაბუა ელექტრო მოწყობილობების მწარმოებელი WEG-ის თანადამფუძნებელი იყო.
მილიარდერთა უდიდესი ნაწილი თავს ამერიკის შეერთებულ შტატებში იყრის. აქ სულ 813 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა კოლექტიური ქონება $5.7 ტრილიონს უდრის. მეორე ადგილზეა ჩინეთი (მოიცავს ჰონგ-კონგსაც) 473 მილიარდერით, მესამეზე კი – ინდოეთი, მისთვის რეკორდული 200 მილიარდერით.
Forbes-ის მილიარდერთა უახლეს რეიტინგში ლიდერი ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნოა – $233 მილიარდიანი ქონებით. 75 წლის მილიარდერი LVMH-ის თავმჯდომარეა – კონგლომერატის, რომელიც მოდის 75 ბრენდს, მათ შორის, Louis Vuitton-სა და Sephora-ს აერთიანებს. მეორე ადგილზეა ილონ მასკი, რომელსაც Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოჰყვება. მასკი ამჟამად $195 მილიარდს, ხოლო ბეზოსი $194 მილიარდს ფლობს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში ასევე მოხვდნენ: მარკ ცუკერბერგი – $177 მილიარდი (Meta), ლარი ელისონი – $141 მილიარდი (Oracle), უორენ ბაფეტი – $133 მილიარდი (Berkshire Hathaway), ბილ გეიტსი – $128 მილიარდი (Microsoft), სტივ ბალმერი – $121 მილიარდი (Microsoft), მუკეშ ამბანი – $116 მილიარდი (Reliance Industries) და ლარი პეიჯი – $114 მილიარდი (Google).