52-ე ადგილი მთლიან რეიტინგში და პირველი ჩვენს რეგიონში – ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას წინ უსწრებს, მათ შორის რუსეთსა და თურქეთს და 153 ქვეყანას შორის 52-ე პოზიციას იკავებს. რეიტინგში 58 ადგილზეა ჩვენი მეზობელი რუსეთი, 56 პოზიციაზე- თურქეთი, 88 ადგილზე -სომხეთი, ხოლო აზერბაიჯანი 70-ე ადგილზე.
რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, პირველ ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს, მეორე პოზიციაზეა ახალი ზელანდია, რომელსაც ნიდერლანდები, შვედეთი და კანადა მოჰყვებიან.
ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეინტინგის ბოლო პოზიციებზე აფრიკული ქვეყნები იმყოფებიან. მაგალითისთვის, ბოლო, 153-ე ადგილზე ჩადია, მის წინ კი გამბია, ჰაიტი, ავღანეთი და ლიბია იმყოფებიან.
რაც შეეხება რეიტინგის შედგენის მეთოდოლიგიას, ქვეყნები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეფასდნენ: საკუთრების უფლებები, ინოვაცია, გადასახადები, ტექნოლოგია, კორუფცია, ინფრასტრუქტურა, ბაზრის ზომა, პოლიტიკური რისკი, ცხოვრების ხარისხი და სხვა…
შეგახსენებთ, Forbes-ის 2017 წლის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში, 139 ქვეყანას შორის, საქართველო 43 ადგილზე იყო.