როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიიღებს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.
„ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრს აღნიშნული საკითხის მომზადებისთვის. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ და ამის გამო მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები. კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.