LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტარეთში RMG GOLD სამუშაოებს მხოლოდ შესაბამისი კვლევების შემდეგ ჩაატარებს – მიხეილ გიორგაძე

167

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ ძეგლს საფრთხე არ ემუქრება,”- ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ ბნელ ხევთან და RMG GOLD-თან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. საკითხთან დაკავშირებით კითხვა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე დაუსვა.

მამუკა ბახტაძემ პასუხის გაცემა კულტურისა და სპორტის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლებს სთხოვა. მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ RMG GOLD იქ სამუშაოებს მხოლოდ კვლევების შემდეგ ჩაატარებს.

“ფიტარეთში დღეს მიმდინარეობს რეაბილიტაცია, ბუიჯეტი 200 000 ლარია. გადახურვა მთლიანად იქნება შეკეთებული. რაც ეხება შესაძლო ზეგავლენას სამუშაოების, რომელსაც RMG ჩაატარებს ახლო თუ შორეულ მომავალში, პრინციპული პოზიციაა ჩვენი, რომ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი კვლევების შემდეგ იქნება შესაძლებელი და მასშტაბიც სწორედ ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული,” – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

ლევან დავითაშვილმა კი განმარტა, რომ ბნელი ხევის შესწავლა-მოპოვებაზე ლიცენზია 2011 წელს “კავკასიის სამთო მოპოვების ჯგუფზე” გაიცა, რომელმაც ლიცენზია შემდეგ “ჯორჯიან გოლდ კომპანის” გადასცა და ის RMG GOLD-თან დაკავშირებული არაა.

“2016 წელს ამ კომპანიამ დაასრულა შესწავლა და დადგინდა, თუ რა მარაგებია და რა ტიპის წიაღისეული, შემდეგ ამ კომპანიამ თავისი ლიცენზია კანონის შესაბამისად გადასცა “ჯორჯიან გოლდ კომპანის”. ეს კომპანია არ არის RMG GOLD და RMG GOLD-თან დაკავშირებული საკითხები თუ კითხვები, რომელიც წარმოიშვა, მათ შორის, გარემოსდაცვით ნაწილში, რაც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეამოწმა 2015-2016 წლებში, კავშირში არ არის ბნელი ხევის საბადოსთან მოპოვების საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, ბნელი ხევის საბადოზე მოპოვების საკითხი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან, მათ შორის იმასთან, რაც ისაუბრა ჩემმა კოლეგამ. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზემოქმედების ნაწილში და გარემოს დაცვითი ნებართვის საკითხებთან, რომელზეც ჯერ-ჯერობით ჩვენთან მომართვა არ ყოფილა, მაგრამ თუ იქნება მომართვა აქ უნდა იყოს გაწერილი პირობები, რომ მოპოვების თუ ტრანსპორტირების დროს დაცული იქნება გარემოს დაცვითი პირობები,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.