LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფისტა ჩვენს ოჯახში: მსურველებს ნერგები უფასოდ დაურიგდებათ

527

პროექტს „ფისტა ჩვენს ოჯახში” – „საქართველოს ფისტას ასოციაცია” კვლავ გააგრძელებს. როგორც ”ფორტუნას” ორგანიზაციაში განუცხადეს, საქართველოში ჯამში ფისტას 10 ათასამდე ნერგი უნდა დარიგდეს.

”მოგეხსენებათ, ეს პროექტი გასულ წელს დავიწყეთ და ბოლო მონაცემებით, დაინტერესება 300-ამდე მსურველმა გამოთქვა. ამ ეტაპზე 900-ამდე ნერგი უკვე გავეცით. რაც შეეხება, პროექტის განახლებს – მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მსურველები კვლავ შეძლებენ ფისტას ნერგები უსასყიდლოდ მიიღონ”, – განაცხადეს „საქართველოს ფისტას ასოციაცია”-ში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ფისტას ნერგებს ასოციაცია უანგაროდ გასცემს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ასოციაციის წევრები გახდნენ და, საქართველოს ტერიტორიაზე დასარგავად, ფისტას 3 ნერგი მიიღონ.

როგორც პროექტის ორგანიზატორებმა ”ფორტუნას” განუმარტეს, სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ასოციაცია განიხილავს და გადაწყვეტს, ვისზე გასცეს ნერგი. პრიორიტეტი იმ რეგიონში მცხოვრებ განმცხადებლებს ენიჭებათ, სადაც ფისტას ნერგების ნაკლები რაოდენობაა დარგული.

 

ცნობისთვის, ფისტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნებში მზარდი მოთხოვნაა. თბილისის სუპერმარკეტებში 100-გრამიანი „ფისტაშკას“ ფასი დაახლოებით 5.25 ლარიდან იწყება და 6.50 ლარამდეა.

„საქართველოს ფისტის ასოციაცია” კი 2016 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია საქართველოში ფისტას კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და მოსახლეობისთვის მისი მრავალმხრივი უპირატესობის გაცნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები