პარტია “ქართული ოცნების” აღმსარულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ფიქტიური პარტიების მეშვეობით ხდება უფასო საეთერო დროის და საბიუჯეტო სახსრების მიტაცება. დარღვევების ძირითადი ნაწილი კი, რომელზეც კობახიძემ ისაუბრა, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან მიმართებით ფიქსირდება.
“მინდა ჩამოვთვალო ის ხარვეზები, რომელიც თან სდევს წინასაარჩევნო კამპანიას. ეს არის პირველ რიგში ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შეურაცხყოფა სხვადასხვა მიუღებელი ფორმით. მეორე მნიშვნელოვანი გადაცდომა არის კანდიდატის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა. ეს მცდელობა არ არის წარმატებული იქიდან გამომდინარე, რომ მის კამპანიაში ჩართულია ფართო საზოგადოება, მათ შორის, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
მესამე დარღვევა, ეს არის დესტრუქცია, რომელსაც ვხედავთ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, რომელიც იმართება ჩვენი კანდიდატის მიერ და ეს არის შემაშფოთებელი მოვლენა. შემდეგ ეს არის პოპულისტური და ცრუ დაპირებები, რომელსაც გასცემენ კანდიდატები, შეგახსენებთ, მაგალითად, დაპირებას პენსიის თაობაზე.
კიდევ ერთი დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ ფიქტიური პარტიების მეშვეობით ხდება უფასო საეთერო დროის და საბიუჯეტო სახსრების, საუბარია მილიონობით ლარზე, ამ საბიუჯეტო სახსრების მიტაცება არის კიდევ ერთი გადაცდომა და დარღვევა, რომელსაც მიმართავენ ჩვენი ოპონენტები და ბოლოს, ტოტალური პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს პარტიული ტელევიზია, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველა ამ დარღვევის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდიან.