2019 წლის 17 აპრილს, „ფინკა ბანკსა“ და და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ექსკლუზიურ პირობებს აგროსესხზე, რომლის საპროცენტო განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან) განისაზღვრა.
„ფინკა ბანკის“ აგროსესხის ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებიც “აგროსფეროს” მაღაზიათა ქსელში შეიძენენ სასოფლო–სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა წარმოდგენილ პროდუქციას.
აგროსესხის ვადა 6-დან 15 თვემდეა, სესხის თანხა 4 501 ლარიდან 60 000 ლარამდე, 10 000 ლარამდე სესხის მიღება შესაძლებელია მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტის გარეშე, აგროსესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო – 0%.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ფინკა ბანკის“ საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი აბაშიძემ და “აგროსფეროს” ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორმა მიხეილ გაგუნაშვილმა.
„აგროსესხზე მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიურ პირობებს და გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ დაბალი პროცენტი – წლიური 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან), რაც დიდი შეღავათია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს არის შესაძლებლობა მარტივად შეიძინონ მეურნეობისთვის საჭირო როგორც ინვენტარი, ისე მასალები. მომხმარებლებს სესხის აღება შეუძლიათ სწრაფად და მარტივად, დამატებითი პროცედურების გარეშე“ – აღნიშნავს ირაკლი აბაშიძე.
„აგროსფეროს“ ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორი მიხეილ გაგუნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთავაზება სწორედ გაზაფხულზე იწყება, რადგან ეს პერიოდი ფერმერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
„აგროსფეროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს და ექსკლუზიური პირობებით ფერმერებს საშუალება ექნებათ შეიძინონ მათთვის საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა, აგროტექნიკა, აგროინვენტარი, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ასევე მეღვინეობის დანადგარები, ფილტრაციის სისტემები, მუხის კასრები, დამხმარე მასალები და ა.შ,“ – ამბობს გაგუნაშვილი.
შეგახსენებთ, „ფინკა ბანკი“ უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში. „აგროსფერო“ კი მომხმარებელს სთავაზობს წამოდგენილ პროდუქციასთან დაკავშირებულ დაგეგმვისა და მოხმარების საკითხებში პროფესიონალურ კონსულტაციას.