ფინეთში შესაძლოა ცხოველები მოაზროვნე არსებებად აღიარონ და სამოქალაქო უფლებებიც მიანიჭონ. ინიციატივამ უკვე მოაგროვა 50 ათასი ფინელის მხარდაჭერა და დოკუმენტს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს. ინფორმაციას სიახლის შესახებ გამოცემა yle ავრცელებს.
აქტივისტებს სურთ, რომ ფინეთის კონსტიტუციაში ახალი ნაწილი დაამატონ, რომელიც ზოგადად ცხოველთა უფლებების დაცვას და კონკრეტულად გარეული ცხოველების უფლებებს მოიცავს. კონსტიტუცია დაიცავს შინაურ ცხოველებს და ფერმაში მცხოვრებ ცხოველებსაც. ეს ნიშნავს, რომ ცხოველთა მიმართ ლმობიერი ქცევა ყველა მოქალაქის ვალდებულება გახდება, ხოლო მათი უფლებების დამრღვევებს სერიოზული სასჯელი დაემუქრებათ.
ამასობაში, ესპანეთში უკვე მიიღეს კანონი, რომელიც ცხოველებს ოჯახის სრულფასოვან წევრებად აღიარებს და ცოლ-ქმრის განქორწინების შემთხვევაში ცხოველის საცხოვრებელ ადგილს სასამართლო განსაზღვრავს.