LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები მეწარმეებთან შეხვედრებს იწყებენ

79

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ახალი საგადასახადო ინიციატივის მეწარმეებისთვის გაცნობის მიზნით, ხვალიდან შეხვედრებს იწყებენ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ერთი კვირის წინა დააანონსეს რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური საგადასახადო ინიციატივა, რომელიც შეეხება 120 000 მეწარმეს.

„ინიციატივის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმების განვითარებას და ხელი შევუწყოთ იმას, რომ მთლიან ეკონომიკაში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩვენ ვაპირებთ აქტიური გრაფიკით ვიმუშაოთ მცირე და საშუალო მეწარმეებთან, რომ მოვახდინოთ მათი ინფორმირება და მივიღოთ უკუკავშირი, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ აღნიშნული ინიციატივა. ხვალ, 11:00 საათიდან ვიწყებთ ფართო შეხვედრებს და შემდეგ გადავინაცვლებთ რეგიონებშიც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მინისტრმა ახალი საგადასახადო ინიციატივის ძირითადი პრინციპები კიდევ ერთხელ განმარტა.

„ჩვენ 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადს. დღეს არსებული რეჟიმი ითვალისწინებს 5%-იან გადასახადს ბრუნვიდან და ეს ნიშნული 1%-მდე ჩამოგვყავს. ამასთან, ერთად ვზრდით ჩვენ თანხის მოცულობას 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე. შესაბამისად, ყველა ინდივიდუალური მეწარმე, რომლის შემოსავალი წლიურად არ იქნება 500 000 ლარზე მეტი, შეძლებს, რომ აღნიშნული შეღავათიანი რეჟიმით ისარგებლოს. აქვე მინდა განვმარტო, რომ ეს შეეხება ინდმეწარმეების თითქმის 100%-ს. ამასთან, ერთად მნიშვნელოვნად ვამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას. ჩვენ მეწარმეებს, ფაქტობრივად, გაუუქმდებათ დამატებითი ბუღალტერიის წარმოების ვალდებულება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საავანსო გადასახადები გაუქმდება. დღეს არსებული პრაქტიკა ითვალისწინებს წინასწარ გადასახადების გადახდას და ჩვენ აქაც მაქსიმალურად შეღავათიან რეჟიმზე გადავდივართ. ჩვენ ამ პრაქტიკას გავაუქმებთ და თვის ბოლოს ექნებათ მეწარმეებს გადასახდელი 1%-იანი გადასახადი“, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები