ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 46 ქოლცენტრში არის შესული. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამჟამად, ამ კომპანიებს საქმიანობა უკვე შეჩერებული აქვთ.
“ქვეყანაში მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ლეგალურად საქმიანობს და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან Amazon და სხვა კომპანიები, თუმცა ასევე გამოიკვეთა ქოლცენტრებიც, რომლებიც შესაძლოა, კანონდარღვევით ოპერირებდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. ამ ქოლცენტრებს შეჩერებული აქვთ საქმიანობა და მიმდინარეობს გამოძიება. დანიშნულია ექსპერტიზები და საგადასახადო შემოწმებები. ასევე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, სადაც შედის სხვადასხვა უწყება და მათ შორის ეროვნული ბანკი, მუშაობა მიმდინარეობს ინიციატივაზე კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით და უახლოეს პერიოდში წარედგინება ეს ინიციატივა,” – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ქოლცენტრები ატარებენ ფინანსურ თაღლითობას, რომელშიც უცხოეთის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში ხანდაზმულებს, ტელეფონით საბროკერო სერვისს სთავაზობენ და არარსებულ ინვესტიციებში ადებინებენ თანხებს.