ზოგიერთი დასახელების სიგარეტის გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს, ამის შესახებ „ფორტუნას“ ფინანსთა სამინიტროში განუცხადეს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ფასის მატება ბაზარზე სიგარეტის გარკვეულ სახეობებზე მიწოდება-მოთხოვნის დისბალანსს უკავშირდება.
ახალი წლიდან საქართველოში „ფილიპ მორისის“ სიგარეტები მნიშვნელოვნად გაძვირდა, მათ შორის, გაიზარდა “პარლამენტის”, “მარლბოროს”, “ჩესტერფილდის” და “ელ ემ”-ის ფასები. მაგალითად, ერთი კოლოფი „პარლამენტი“ ზოგიერთ ჯიხურში 11 ლარი ღირს.
საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე – 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე – 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე – 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა.