LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას „სეზონურ მოვლენად“ აფასებს

92

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გაუფასურებას ერთჯერად, „სეზონურ მოვლენად“ აფასებს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს,  აღნიშნულმა გამოვლინებამ უკვე გადაიარა. ამ თემაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რომან გოცირიძის მოსაზრებას, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ნაშთების – ნახევარი მილიარდი ლარის -კომერციულ ბანკებზე გასესხება გახდა. ქუმსიშვილის თქმით, ამას ფულის მასა დიდწილად არ შეუცვლია, ვინაიდან იგივე თანხა არის შემცირებული რეფინანსირებიდან.

„დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმდენივე თანხებით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიან ფულის მიწოდებაზე. თვითონ რიცხვებს რომ დავუბრუნდე, პირველი 8 თვის განმავლობაში საგადასახდელო ბალანსში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს, ძალიან კარგად გვეზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები, ჯამურად 700 მლნ დოლარით არის გაუმჯობესებული აღნიშნული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. თვითონ სტაბილურობას რაც ეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, სადღაც 15-20 აგვისტოდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, 2015-16 წლებში ფულადი მასა მცირდებოდა, თუმცა კურსი უფასურდებოდა, აქედან გამომდინარე ამას არ აქვს პირდაპირი გავლენა კურსზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები